პატარა ჯენტლმენი ცხოველთა სამყაროში - კვირის პალიტრა

პატარა ჯენტლმენი ცხოველთა სამყაროში

მიესალმეთ სამ განუყრელ მეგობარს - ჩარლის, გამპის და პაბლოს. ამათგან პირველი 3 წლის ცუღლუტი ბავშვია, დანარჩენი ორი კი რეპტილიათა სამეფოს საშიში წარმომადგენელი - ალიგატორი და მახრჩობელა გველი ბოა. გამპიცა და პაბლოც ტყვეობაში დაიბადნენ, საჭმელ-სასმელი არასოდეს მოჰკლებიათ და ნადირობის ინსტინქტიც დაჩლუნგებული აქვთ, ჩარლის კი ჯერ კიდევ ვერ გაუცნობიერებია, რომ ამ ქვეწარმავლებისა უნდა ეშინოდეს. ალბათ სწორედ ამით უნდა აიხსნას ეს უჩვეულო მეგობრობა.

გაოცებული რეპორტიორების თვალწინ ცეროდენა ჩარლი ჯერ ალიგატორს ეჭიდავა აუზში, შემდეგ კი კისერზე უზარმაზარი გველი შემოიხვია, რომელიც მსხვერპლს სწორედ ამ მეთოდით გუდავს. ჩარლის მამა, გრეგი, რომელიც ავსტრალიის ბელავარის ზოოპარკის მფლობელია, შვილის გართობაში უცნაურსა და სახიფათოს ვერაფერს ხედავს და დარწმუნებულია, რომ ალიგატორი და ბოა მის შვილს არაფერს დაუშავებენ. "ჩარლი ჩვეულებრივი ბიჭია, არც ტარზანია და არც მაუგლი, უბრალოდ, ძალიან უყვარს რეპტილიები", - ამბობს იგი.