თანამედროვე "მაუგლი" - კვირის პალიტრა

თანამედროვე "მაუგლი"

"ტიპი აფრიკაში"

ახლა "მაუგლი" 19 წლისაა, მაგრამ ერთგულ მეგობრებს არ ივიწყებს და აფრიკას ხშირად სტუმრობს

ტიპი ბენჟამინ ოკანტი დეგრე უნიკალური გოგონაა, რომელიც აფრიკაში, ველური ბუნების შემსწავლელი ფრანგი ფოტოგრაფების ალენ დეგრესა და სილვია რობერტის ოჯახში დაიბადა. საინტერესო ის არის, რომ გოგონა კალაჰარის უდაბნოში გაიზარდა და უამრავ ცხოველთან ნამდვილი მეგობრობა აკავშირებდა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: გოგონას დაბადებამდე კარგა ხნით ადრე მშობლები ჟურნალში დასავლეთ აფრიკისადმი მიძღვნილ სტატიას გადააწყდნენ, სადაც სიმპათიური ცხოველის - მანგუსტი-ოკანტის ფოტოები იყო დაბეჭდილი. მის სანახავად სილვია და ალანი აფრიკაში ექსკურსიაზე გაემგზავრნენ და საბოლოოდ  დასავლეთ აფრიკის ეროვნული ნაკრძალის ტერიტორიაზე, ნამიბია-ბოტსვანის საზღვართან საცხოვრებლად 7 წელიც დარჩნენ. აქ მათ უამრავი დოკუმენტური ფილმი თუ ფოტოალბომი შექმნეს აფრიკის ფაუნაზე...

მშობლებს ტიპი სულ თან დაჰყავდათ... ჯერ კიდევ ერთი ციდა იყო თანამედროვე "მაუგლი", როცა ამბობდა: "აქ მე მეგობრები არ მყავს, ამ არემარეში ბავშვებს ვერსად ვხედავ. ამიტომ ჩემი მეგობრები ცხოველები არიან". მეგობრებს შორის კი იყვნენ სპილო, ლეოპარდი, ლომის ბოკვრები, ჟირაფები, სირაქლემა, მანგუსტები, ზებრა, ნიანგები, დიდი გომბეშოები და გველიც კი! სავანა იყო მისი სახლი მრავალი წლის მანძილზე და გოგონა არა მარტო მტაცებელ ცხოველებს, ნამიბიელთა ტომის აბორიგენებსაც დაუმეგობრდა.

მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად კუნძულ მადაგასკარზე  გადავიდა, ხოლო როცა "მაუგლი" 10 წლის გახდა, საფრანგეთში დაბრუნდა.

გოგონას მშობლებმა ტიპის განსხვავებული ბავშვობა ფოტო და ვიდეოფირებზე დააფიქსირეს. წიგნი "ტიპი აფრიკაში" კი უფრო პოპულარული გახდა, ვიდრე ჰარი პოტერი, მრავალ ენაზე ითარგმნა და გამოიცა.

პარიზის სკოლაში გოგონამ  მხოლოდ 2 წელი გაძლო - მისთვის ყველაფერი უცხო იყო, ჰარი პოტერით დაწყებული, მაიკლ ჯეკსონით დამთავრებული. სწავლა სახლში გააგრძელა, სადაც ყველაფერი - ავეჯი, ჯამ-ჭურჭელი თუ ნიღბები - აფრიკულ ცხოვრებას აგონებდა.

ამჟამად გოგონა 19 წლისაა და სორბონის უნივერსიტეტში კინოხელოვნებას ეუფლება. აფრიკაში კი მცირე ხნით დაბრუნდა "დისკავერისთვის" 6 დოკუმენტური ფილმის გადასაღებად.