ფოტოფაქტები "საუკუნის 50 საუკეთესო ფოტოდან" - კვირის პალიტრა

ფოტოფაქტები "საუკუნის 50 საუკეთესო ფოტოდან"

მოკალი, თუ გინდა, რომ შეგიყვაროს (?!)

ფსიქიკურად დაავადებულმა ჯონ ჰინკლიმ, როდესაც რეიგანი სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტის ლიმუზინში ჯდებოდა, 3 წამში მისკენ 5,6 მმ-კალიბრიანი 6 ტყვიის სროლა მოასწრო.

პირველი ტყვია თეთრი სახლის პრესმდივან ჯეიმს ბრეიდის მოხვდა თავში, მეორე - პოლიციელ ტომას დელაჰანტის ზურგში, მესამე - მოპირდაპირე სახლის ფანჯარას, მეოთხე - სპეცაგენტ ტიმოთი მაკარტის, მეხუთე - ლიმუზინის გაღებული კარის შეჯავშნულ მინას, მეექვსე კი ავტომობილის კორპუსმა აისხლიტა, რეიგანს მკერდში მოხვდა, ნეკნზე აცურდა და ფილტვში გაიჩხირა. საბედნიეროდ, ყველა ცოცხალი გადარჩა.

რეიგანის დაჭრა მაშინვე არ შეუმჩნევიათ - როდესაც სპეცაგენტმა ჯერი პერიმ, რომელიც სროლისას უკვე მანქანაში მჯდარ პრეზიდენტს გადაეფარა, რეიგანის შემოწმება დაიწყო, პრეზიდენტს სისხლიანი ხველა აუტყდა. რეიგანმა იფიქრა, პერიმ შემთხვევით ნეკნი გამიტეხა და ძვალმა ფილტვი დააზიანაო. პრეზიდენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კლინიკაში. რეიგანი თავისი ფეხით მივიდა რეანიმაციამდე, მაგრამ უცებ სუნთქვა შეეკრა და დაეცა. ოპერაციის წინ კი მაინც მოახერხა გახუმრებოდა ექიმს, - იმედია, თქვენ რესპუბლიკელი ხართო, რაზეც ექიმმა სერიოზულად მიუგო, - დღეს ჩვენ, ყველანი, რესპუბლიკელები ვართ, ბატონო პრეზიდენტოო.

...თავდამსხმელმა კი დაჭერისთანავე იკითხა, - გადაიტანდნენ თუ არა "ოსკარით" დაჯილდოების ცერემონიას პრეზიდენტზე თავდასხმის გამო. ცერემონია მართლაც ერთი დღით გადაიტანეს... აღმოჩნდა, რომ რეიგანი სინამდვილეში კინაღამ ფსიქიკურად დაავადებულის უიღბლო სიყვარულს შეეწირა!

ჯონ ჰინკლის ჯერ კიდევ 70-იან წლებში ფილმ "ტაქსისტის" ნახვის შემდეგ უიმედოდ შეუყვარდა ჯოდი ფოსტერი, რომელიც ფილმში 12 წლის მეძავის როლს თამაშობს. იგი ჯოდის რამდენიმე წელი უკან დასდევდა, სწერდა წერილებს, რამდენჯერმე ტელეფონით დალაპარაკებაც მოახერხა. ბოლოს კი ჩააბარა იელის უნივერსიტეტში, სადაც ფოსტერი სწავლობდა. მსახიობის მიერ თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ ხელნაკრავმა მიჯნურმა აიკვიატა, რომ თუ საქვეყნოდ ცნობილი გავხდები, ჯოდი უარს ვეღარ მეტყვისო. სახელის გასათქმელად ჰინკლიმ ჰეროსტატეს მოკლე გზა აირჩია და ამისთვის პრეზიდენტის მოკვლა გადაწყვიტა. პრეზიდენტი კი მაშინ ჯიმი კარტერი იყო! ამიტომ ჰინკლი ჯერ კარტერს დასდევდა მოსაკლავად, ჯოდის კი კვლავ წერილებს სწერდა. ცხადია, წერილები პოლიციაში აღმოჩნდა, მაგრამ ფსიქიკურად დაავადებულს ვერ მიაკვლიეს. ამასობაში კი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი გახდა...

ჰინკლი ექსპერტიზამ შეურაცხადად ჩათვალა, ის დღემდე ვაშინგტონის წმინდა ელისაბედის ჰოსპიტალში ცხოვრობს, ცხადია, არაფერს ნანობს. სასამართლოზე განაცხადა, რაც მე ჩავიდინე, "სიყვარულის ყველაზე დიდი გამოხატვაა მსოფლიო ისტორიაშიო". თუმცა "უგულო" ფოსტერი მას არც ამის შემდეგ გამოხმაურებია...

200 პაემანი გვირაბის ბოლოს

20 წლის ინგლისელი ჯარისკაცი ჰორაციო ჯოზეფ გრეისლი, ხელობით პარიკმახერი, ფაშისტებს ტყვედ 1940 წლის მაისში საფრანგეთში ჩაუვარდა და ზემო სილეზიაში, ქალაქ ლამსდორფის სამხედრო ტყვეთა ბანაკში მოხვდა. ჰორაციოსა და 17 წლის თარჯიმან გოგონას, როზა რაუხბახს, რომელიც იქაური ქვის სამტეხლოების უფროსის ქალიშვილი იყო, დანახვისთანავე შეუყვარდათ ერთმანეთი.

როზა თავის ებრაულ წარმომავლობას მალავდა, რაც მათ ურთიერთობას უფრო საშიშს ხდიდა - გამოაშკარავების შემთხვევაში სიკვდილით დასჯა არ ასცდებოდათ. ამის მიუხედავად, ზედამხედველების ცხვირწინ შეყვარებულები ხშირად ახერხებდნენ შეხვედრას. რამდენიმე კვირაში ჰორაციო ოსვენციმში გადაიყვანეს, თუმცა ბანაკის პარიკმახერის საშუალებით შეყვარებულებმა მიმოწერა განაგრძეს. როცა როზას ოვენციმთან ახლომდებარე ბანაკებში თარჯიმნის მოვალეობის შესრულება უწევდა, ჰორაციო მასთან ღამღამობით გვირაბით იპარებოდა, გვირაბი კი მეგობრების დახმარებით გათხარა. დაბრუნებისას როზასგან მეგობრებისთვის მოსაკითხებიც მოჰქონდა.

ჰორაციო ოსვენციმიდან თავის სატრფოსთან 200-ჯერ მაინც გაიპარა!

გრეისლიმ 5 წელი გაატარა მესამე რაიხის ფაბრიკებსა თუ მაღაროებში. ჰორაციო 1945 წლის მაისში გაათავისუფლეს. იგი როზას თავდებად დაუდგა ამერიკელებთან, სადაც ქალიშვილი აგრძელებდა თარჯიმნობას. სამწუხაროდ, მალე როზა მშობიარობას გადაჰყვა, ბავშვიც დაიღუპა. ინგლისში დაბრუნებულმა ჰორაციომ კი პარიკმახერობა განაგრძო...

სიყვარულისთვის თავდადებული მიჯნური 2010 წელს გარდაიცვალა, ორი წლით ადრე კი, 90 წლისამ, მწერალ კენ სკოტთან ერთად გამოუშვა წიგნი "ჭიკჭიკებენ თუ არა ჩიტები ჯოჯოხეთში?"