"გაუკუღმართებული" კაბა - კვირის პალიტრა

"გაუკუღმართებული" კაბა

ლოს-ანჯელესში "კინომსახიობთა გილდიის" პრემიით დაჯილდოებაზე პაპარაცებმა ტრადიციულად "ყველაზე ცუდად ჩაცმული" ვარსკვლავები გამოავლინეს. თუმცა მათშიც კი განსაკუთრებით გამოირჩეოდა სიგურნი უივერი, რომელსაც Lanvin -ის შავი აბრეშუმის კაბა ტომარასავით იმდენად უშნოდ ეკიდა, დაცინვით "ლამაზად გაჭრილი ნაგვის ტომარა" უწოდეს. რეპუტაციის გადასარჩენად ფირმის დარცხვენილი დიზაინერი ალბერ ელბაზი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მათი ძვირფასი სამოსი 63 წლის სიგურნი უივერს უკუღმა ეცვა!

"შეიძლება სიგურნიმ ჩათვალა, რომ დეკოლტე მისთვის მეტად ღრმა იყო და გულმკერდის ნაცვლად ზურგი მოიშიშვლა, ან პირიქით, სურდა ხაზი გაესვა ახალგაზრდულად გამობურცული მკერდისთვის და რადგან ბიუსჰალტერის გარეშე გადაწყვიტა მოსვლა, კაბით დაიფარა" - სცადა მან მსახიობის გამართლება.

უივერი, ცხადია, პირველი ვარსკვლავი არ არის, ვინც კაბა უკუღმა ჩაიცვა. 1999 წელს სელინ დიონმა "ოსკარით" დაჯილდოების ცერემონიაზე Dior-ის კაბა ჩაიცვა უკუღმა. მაგრამ ყველაზე საინტერესო კონფუზი უდავოდ ანჯელინა ჯოლის დაემართა 2009 წელს, როცა Max Azria-ს ლურჯი კაბა ძალიან ღრმა დეკოლტეთი უკუღმა ჩაიცვა და ნამდვილი ფურორიც მოახდინა, როცა გაოცებულმა პუბლიკამ მოულოდნელად მის ზურგზე "პირადული" ტატუები აღმოაჩინა...