"ყურიჭამიას" დაბრუნება - კვირის პალიტრა

"ყურიჭამიას" დაბრუნება

მაიკ ტაისონი: მიყვარს ევანდერი, მაგარი კაცია!

"ტაისონის ცნობილი "ილეთი"

ერთურთს გადახვეული მაიკ ტაისონი და ევანდერ ჰოლიფილდი დიდი ხნის განშორების შემდეგ შეხვედრილ ძველ მეგობრებს ჰგვანან. თუმცა შეიძლება ახლა მართლაც არიან მეგობრები: კრივის ისტორიის ეს ორი ლეგენდა უკვე ოფიციალურად შერიგდა.

მაგრამ ისინი ნამდვილად არ იყვნენ მეგობრები 1997 წლის ივნისში, ჩიკაგოში, ორი მძიმეწონოსანი მსოფლიო ჩემპიონის შერკინებაზე. იმ დღეს მაყურებელმა იხილა საარაკო მატჩი, რომელიც სამუდამოდ დარჩება კრივის ისტორიაში:

გაშმაგებულმა ტაისონმა თავის ცივსისხლიან და მუდამ გაწონასწორებულ მეტოქეს "კლინჩში" ყოფნისას ყური მოაკვნიტა! სიმბოლურია ისიც, რომ მატჩს, დასრულების შემდეგ, ოფიციალური სახელიც შეუცვალეს და თავდაპირველი "ტაისონი ჰოლიფილდის წინააღმდეგ: მძვინვარების ქუხილის" მაგივრად "სისხლის გემო" უწოდეს. არაერთი სტატია დაიწერა იმაზე, თუ რატომ გააკეთა ეს ტაისონმა. ექსპერტების აზრით, "რკინის მაიკი" მიხვდა, რომ ჰოლიფილდთან ვერც მუშტითა და ვერც დაშინებით ვერას გახდებოდა და განზრახ "წავიდა" დისკვალიფიკაციაზე.

ტაისონი კი იფიცებოდა, ჰოლიფილდს ყური შემთხვევით თავის ჩარტყმისას მოვაჭამეო. სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ ტაისონი ჯიუტად ამბობდა უარს ბოდიშის მოხდაზე, თუმცა კრივის საერთაშორისო კომისიას კეთილსინდისიერად გადაუხადა დაკისრებული ჯარიმა - 3 მილიონი დოლარი. საბოლოოდ, 2009 წელს, "გამოსწორების გზაზე დამდგარმა" ტაისონმა აღიარა, რომ "კარგად არ მოიქცა" და თვალებზე ცრემლმომდგარმა ჰოლიფილდს ბოდიში მოუხადა. ამ უკანასკნელმა ბოდიში მიიღო და განაცხადა, - გულში ტაისონს დიდი ხანია ვაპატიეო.

ალბათ, სწორედ ამის დამადასტურებელია შეხვედრა ჩიკაგოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც ჰოლიფილდმა საკუთარი პროდუქცია - ცხარე სოუსი წარადგინა. ტაისონმა, როგორც თავად აღნიშნა, "შემთხვევით შემოიარა" თავისი მეგობრის, ევანდერის მოსანახულებლად. "ალბათ, ეს არის ყველაზე საუკეთესო, რაც შემიძლია მისთვის გავაკეთო. მინდოდა ევანდერი მენახა. მიყვარს ევანდერი, ძმებო. მაგარი კაცია. იმ შემთხვევამ ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე გადაგვაჯაჭვა ერთმანეთს. ოღონდ ამ "კლინჩში" სისულელეებს აღარ ჩავიდენ", - აცხადებს ხელში სოუსჩაბღუჯული ტაისონი. ძნელია მისი გულწრფელობა არ იწამო - ახალი მაიკი ძველის ლანდადაც კი არ გამოდგება. ამას თავადაც სინანულით აღნიშნავს. სულ ახლახან ბროდვეის თეატრის სცენაზეც გამოვიდა და მთელ მსოფლიოს მოუთხრო, თუ როგორ გახდა ბრუკლინელი მემტრედე ბიჭი მძიმეწონოსანი მსოფლიო ჩემპიონი და როგორ დაეშვა "რკინის მაიკი" სკანდალების, კოკაინისა და ალკოჰოლის დაღმართზე. დადგმა უზომოდ პოპულარული აღმოჩნდა და ტაისონმა ამ გამოსვლით თითქმის ყველა შტატი მოიარა.

ტაისონის ტრანსფორმაცია არც ჰოლიფილდს, მის ყოფილ მეტოქეს, დარჩენია შეუმჩნეველი. მისი თქმით, მაიკი ახლა სულ სხვა კაცია.

"მან უთუოდ იპოვა საკუთარ თავში ძალა, რათა მსოფლიოსთვის ეთქვა, რომ არ იყო მართალი და მომხდარს ნანობს. ვფიქრობ, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მე მას ვაპატიე. ამან შეაძლებინა, საკუთარი თავისთვისაც ეპატიებინა. სწორედ ასეთი გადაწყვეტილებების შემდეგ იცვლება ადამიანი უკეთესობისკენ", - აცხადებს ჰოლიფილდი.

მოამზადა ვაჟა თავბერიძემ