ნახტომი ერთი სამყაროდან მეორეში - კვირის პალიტრა

ნახტომი ერთი სამყაროდან მეორეში

თავის დროზე მსოფლიო მოიარა პიტერ ლეიბინგის ცნობილმა ფოტომ - "1961 წლის 15 აგვისტოს, გდრ-ის არმიის ჯარისკაცის ნახტომი აღმოსავლეთიდან დასავლეთ ბერლინში".

ბერლინის კედლის შენების დაწყებიდან მესამე დღეს ბერნაუერშტრასეზე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის 19 წლის მესაზღვრე კონრად შუმანი ეკლიან მავთულხლართებს გადაახტა და პირველი ადამიანი გახდა, რომელიც დასავლეთ ბერლინში გაიქცა - მისი ბედი, რომ იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო გაცემული ბრძანება კედლის დამრღვევთა ლიკვიდაციის შესახებ...

ერთი სამყაროდან მეორეში შუმანის ნახტომის აღსანიშნავად, ზუსტად იმ ადგილას ახლა ლითონის ქანდაკებაა აღმართული.

შუმანის კვალს ასობით ადამიანი მიჰყვა. თავიდან, სანამ კედელს საბოლოოდ გაამაგრებდნენ, 14 წარმატებული გაქცევა დაფიქსირდა მძიმე სატვირთო მანქანით, რომელიც ადვილად ანგრევდა გამშვები პუნქტების შლაგბაუმსაც და თავად კედელსაც. მას შემდეგ რაც შლაგბაუმები ფოლადის ძელებით გაამაგრეს, ავტომობილებში ჩამალულები ცდილობდნენ კედლის მეორე მხარეს გაეღწიათ - 10 ასეთი მცდელობაც წარმატებით დასრულდა. 1961 წლის დეკემბერში, სანამ სარკინიგზო და ტრამვაის რელსებს აიღებდნენ, 24-მა ადამიანმა დასავლეთში მატარებლითაც კი გააღწია. 1962 წლის ივნისში კი მდინარე შპრეეზე რამდენიმე აღმოსავლეთბერლინელმა ხელში გემი ჩაიგდო და, მესაზღვრეთა ცეცხლის მიუხედავად, სამშვიდობოს გავიდა.

იმავე წელს დასავლეთ ბერლინში გადავიდა 12-კაციანი ჯგუფი, რომელმაც 16 დღეში კედლის ქვეშ 32 მ სიგრძისა და 1,75 მ სიმაღლის გვირაბი გათხარა. როდესაც ჰკითხეს, რა საჭირო იყო ასეთი მაღალი გვირაბიო, განაცხადეს, - ჩვენ გვსურდა თავაწეულები შევხვედროდით თავისუფლებას!

ყველაზე ცნობილი გაქცევა კი 1964 წელს მოხდა, როდესაც გდრ-ის 37 სტუდენტი და მათი დასავლეთელი ნათესავები ნახევარი წელი თხრიდნენ 150 მ სიგრძის გვირაბს 10-12 მ-ის სიღრმეზე. გადასვლამდე კი სტუდენტებმა  აღმოსავლეთ ბერლინში მცხოვრებ ახლობლებს შეატყობინეს, - ვისაც გაქცევა გსურთ, შეგიძლიათ ამ გვირაბით ისარგებლოთო. ამ გზით დასვლეთ ბერლინში გადასვლა კიდევ 31-მა ქალმა, 23-მა მამაკაცმა და 3-მა ბავშვმა მოასწრო.

რამდენიმე ადამიანმა ამაოდ სცადა ბერნაუერშტრასეზე სასაზღვრო შენობების ფანჯრებით ესარგებლა - ფანჯრები მალევე ამოქოლეს. მაგრამ მსგავსი "საჰაერო გზით" გაქცევა მაინც მოახერხა ჰოლცაპფელების ოჯახმა - 1965 წლის 28 ივნისს ღამით, "აღმოსავლეთის" ერთ-ერთი სამინისტროს სახურავზე ასულებმა გრძელი საბელი "დასავლეთში" გადააგდეს, იქ კი ნათესავების ბრიგადას გაჭიმული საბელი მანამდე ეკავა, სანამ მთელმა ოჯახმა "მოგზაურობა" მშვიდობიანად არ დაასრულა.

გდრ-ის თავდაცვის სამინისტროს ავადსახსენებელი #101-ე ბრძანების თანახმად, კედლის გადალახვისას ნებისმიერი დამრღვევი უნდა განადგურებულიყო. ტყვიის აცილებისთვის მესაზღვრეს სასჯელი ელოდა, ხოლო "მოღალატის" მოკვლის შემთხვევაში - მედალი, "შტაზის" (აღმოსავლეთ გერმანიის დაზვერვის სამსახური) მეთაურის პირადი მილოცვა, ფულადი პრემია და დამატებითი შვებულება კურორტზე უფასო საგზურით.

გერმანიის დიდ, 155 კმ სიგრძის კედელს, 302 საგუშაგო კოშკით”14 000 მესაზღვრე იცავდა. 1961 წლის 13 აგვისტოდან 1989 წლის 9 ნოემბრამდე - კედლის არსებობის 38 წლის მანძილზე მესაზღვრეებმა 1693 გასროლა მოახდინეს. კედლის გადალახვისას პირველი მსხვერპლი გახდა პეტერ ფეხტერი. უკანასკნელი კი კრის გეფროი იყო, რომელიც 1989 წლის 6 თებერვალს, #101-ე ბრძანების გაუქმებამდე სულ რაღაც ორი კვირით ადრე მოკლეს.

მოამზადა რამაზ გურგენიძემ