"ეს ნაძირალა უჩემოდ დაქორწინდა ჩემზე" - კვირის პალიტრა

"ეს ნაძირალა უჩემოდ დაქორწინდა ჩემზე"

ჯინა ლოლობრიჯიდაზე 34 წლით უმცროსი ალფონსი სუპერვარსკვლავზე თაღლითურად დაქორწინდა?!

ლეგენდარულმა სუპერვარსკვლავმა, 85 წლის ჯინა ლოლობრიჯიდამ კვლავ გააოცა ბომონდი - უკიდურესად აღშფოთებულია და ე.წ. ქმარს, ესპანელ ბიზნესმენ ხავიერ რიგაუ-ი-ალფონსს სასამართლოში უჩივის იმის გამო, რომ ბიზნესმენი მასზე "თაღლითურად დაქორწინდა"!

ჯინამ და რიგაუ-ი-ალფონსმა ერთმანეთი მონაკოში, 1984 წელს, ერთ-ერთ ხმაურიან საღამოზე გაიცნეს და 22 წლის მანძილზე ერთმანეთს არ დაშორებიან. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობას გულმოდგინედ მალავდნენ, მათ 2006 წელს მომავალი ქორწინების შესახებ განცხადება გააკეთეს, რამაც საზოგადოებაში სენსაცია გამოიწვია - საქმრო ჯინაზე 34 წლით უმცროსია. ცერემონიის დრო და ადგილიც დაინიშნა: 2007 წლის 27 იანვარს რომში, კაპიტოლიუმის ბორცვზე მდებარე სანტა-მარია-არაკოელის ეკლესიაში, სადაც უამრავი ცნობილი ადამიანი იყო მიწვეული. თუმცა, რამდენიმე თვით ადრე, ლოლობრიჯიდამ მოულოდნელად განაცხადა, რომ ქორწინება აღარ შედგებოდა, რადგან საქმრომ "წინასაქორწინო დაძაბულობას ვერ გაუძლო"...

ახლახან კი სუპერვარსკვლავმა ინტერნეტით შეიტყო, რომ ყოფილი საყვარელი მისი ქმარი მაინც გამხდარა და 2010 წელს ბარსელონაში, 8 მოწმის თანდასწრებით ხელიც მოუწერიათ(?!).

"ეს ნაძირალა უჩემოდ დაქორწინდა ჩემზე, რათა ჩემი სიკვდილის შემდეგ ქონებას და ფულს დაეუფლოს. ადრე რაღაცებს აგვარებდა ჩემი სახელით და უამრავი მინდობილობა მაქვს მიცემული. ალბათ, ქორწინების ყალბი მოწმობაც მაშინ შემომაპარა სხვა დოკუმენტებთან ერთად ესპანურ ენაზე, რომელიც არ ვიცი. მაშინ მის წესიერებაში ეჭვი არ მეპარებოდა" - აღშფოთებას ვერ მალავს მსახიობი.

51 წლის რიგაუ-ი-ალფონსი კი აცხადებს, რომ ჯინამ თავად მისცა თანხმობა ე.წ. დაუსწრებელი ქორწინების ცერემონიაზე და ყველაფერს თავადვე მოაწერა  ხელი. მისი ადვოკატის, ტერეზა ბუიესის თქმით: "ქორწინება კანონიერი იყო, ჯინა ბარსელონაში ჩავიდა და დაუსწრებელი ქორწინების თხოვნას ნოტარიუსის თანდასწრებით მოაწერა ხელი. ამ ტიპის დოკუმენტი უამრავ წვრილმანს ითვალისწინებს და მას ყველაფერზე ხელი მოწერილი აქვს".

არადა, რიგაუ-ი-ალფონსის ყოფილი ადვოკატი ხავიერ საავედრა თაღლითობის ფაქტს ამტკიცებს და აღნიშნავს, რომ მისმა ყოფილმა კლიენტმა უცნობ ქალს, რომელიც ლოლობრიჯიდას ჰგავდა, საცოლის როლის შესასრულებლად ფული გადაუხადა!

"ამის ატანა შეუძლებელია, ცრუ ქორწინებაზე საკურთხეველთან ჩემს ნაცვლად უცხო ქალი იდგა! მოვითხოვ ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება. მსურს შუქი მოვფინო ამ ამბავს და ნიღაბი ავხადო ყველას, ვინც მასშია გარეული" - ბობოქრობს ჯინა.