მზვერავი გეპარდები - კვირის პალიტრა

მზვერავი გეპარდები

ყველაზე სწრაფი მტაცებლები მანქანებს სათვალთვალო კოშკურად იყენებენ, რათა მომავალი მსხვერპლის გადაადგილებას თვალი ადევნონ

აფრიკაში, სახელგანთქმულ მასაი-მარას ნაკრძალში, გეპარდები ტურისტების ხშირი სტუმრები გახდნენ.

ორიოდე წლის გეპარდი ისე გათავხედდა, რომ ტურისტებით სავსე ავტობუსის სახურავზე ახტა და მშვიდად გაწვა. მტაცებლის დანახვაზე შეშინებულმა ტურისტებმა მანქანიდან გადახტომა დააპირეს, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ გეპარდი თავდასხმას სულაც არ აპირებდა, ყველაზე ცნობისმოყვარეები კი ავტობუსიდან ამოძვრნენ და ცხოველს სურათების გადაღება დაუწყეს.

მას შემდეგ, რაც ასეთი შემთხვევები გახშირდა, გიდები ტურისტებს აფრთხილებენ, რომ საშიში არაფერია და ვისაც სურს, შეუძლია დაუპატიჟებელ სტუმარს სურათიც კი გადაუღოს.

სპეციალისტების აზრით, ხმელეთის ყველაზე სწრაფი მტაცებლები ტურისტების მანქანებს იმიტომ კი არ ახტებიან, რომ ადამიანებთან ახლოს ყოფნა სურთ, უბრალოდ ისინი ავტომობილებს სათვალთვალო კოშკურად იყენებენ, რათა მომავალი მსხვერპლის ან მოსისხლე ლომების გადაადგილებას თვალი ადევნონ.