"ოსკაროსანთა" კონფუზი ანუ გამარჯვებულთა "მარცხი" - კვირის პალიტრა

"ოსკაროსანთა" კონფუზი ანუ გამარჯვებულთა "მარცხი"

წლის საუკეთესო ფილმი - ბენ აფლეკის პოლიტიკური თრილერი "ოპერაცია "არგო"

"ოსკარის" რიგით 85-ე დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია 24 თებერვალს ლოს- ანჯელესში, "დოლბის" თეატრში გაიმართა.

საუკეთესო ფილმი გახდა ბენ აფლეკის პოლიტიკური თრილერი "ოპერაცია "არგო", რომელსაც საფუძვლად რეალური ამბავი - თეირანში 6 ამერიკელი დიპლომატის გადარჩენა დაედო.

მთავარი როლის შესრულებისთვის გამარჯვებული მსახიობები კი გახდნენ: ჯენიფერ ლოურენსი ("ჩემი მეგობარი ვაჟი გიჟია") და დანიელ დეი-ლუისი ("ლინკოლნი"), ხოლო მეორე ხარისხის როლების შემსრულებელთაგან "ოსკარის" ქანდაკება წილად ენ ჰეტეუეის ("უარყოფილნი") და კრისტოფ უალცს ("ჯანგო") ხვდათ.

საუკეთესო რეჟისორის ჯილდო ერგო ენგ ლის ("პის ცხოვრება"). საუკეთესო სცენარის ავტორისა კი - კვენტინ ტარანტინოს ("ჯანგო").

დაჯილდოებულთაგან ყველაზე დიდი კონფუზი ჯენიფერ ლოურენსს მოუვიდა - 22 წლის "დამწყები ვარსკვლავი", რომელსაც რამდენიმე წლის წინ არავინ იცნობდა, გამარჯვებულად გამოცხადებისას ისე აღელდა, რომ "დიორის" საზეიმო კაბის გრძელ შლეიფსა და ნაკეცებში გაიხლართა და მილიონობით ტელემაყურებლის თვალწინ დაეცა. თუმცა ყველაფერი ამით არ დამთავრებულა - ახალი "ოსკაროსანი" ისე გამწარდა, რომ პრესის ოთახში ჩასაფრებულ პაპარაცებს შუათითი უჩვენა!

დამსწრეებმა იუმორით აღნიშნეს, როგორც ჩანს, ჯენიფერს შარშანდელი წყენა არ განელებიაო - საქმე ის არის, რომ 2012 წელს კინომსახიობთა გილდიის პრემიებით დაჯილდოებისას ვიღაცამ სკამის ფეხი შემთხვევით ჯენიფერის კაბას შლეიფზე დაადგა, წამოდგომისას კი კაბის ქვედა ნაწილი მთლიანად ჩამოიხა და ლოურენსი პრაქტიკულად შიშველი დარჩა.

რაც შეეხება მეორე გამაჯვებულს, ქალბატონ ენ ჰეტეუეის, თავგადასავლის გარეშე არც ის დარჩენილა: მისი "პრადას" კაბის მკერდზე არსებულმა ორმა ორიგინალურმა "წვეტმა" მაყურებელზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ "ტვიტერზე" ჰეტეუეის მკერდს  მთელი მსოფლიო განიხილავდა, ისევე როგორც შარშანდელი "ოსკარის" ცერემონიაზე ანჯელინა ჯოლის ფეხს, თუმცა კომენტარების რაოდენობით ჰეტეუეიმ ბევრად გადააჭარბა...

"ოსკარზე" ტრადიციულად "ყველაზე ცუდად ჩაცმული ლამაზმანები" გამოავლინეს.

ყველაზე დიდი კრიტიკა ჰოლი ბერის ბრჭყვიალა სამოსს ხვდა წილად - მცოდნეთა აზრით, ვერტიკალურმა ზოლებმა და წვეტიანმა მხრებმა, მისი უზადო ქალური ფიგურა მეტისმეტად "კვადრატულად" აქცია.

სასაცილო კი ის არის, რომ "კაბის გამო" მიიპყრო რეპორტიორების ყურადღება მთავარმა გამარჯვებულმა ბენ აფლეკმაც: ბედნიერი და დაბნეული "ოსკაროსანი" წამდაუწუმ ცოლის კაბის გრძელ შლეიფზე აბიჯებდა ფეხს.