"გამარჯვების კოცნა" - კვირის პალიტრა

"გამარჯვების კოცნა"

ყველაზე ცნობილი ფოტოს ისტორია

ეს ლეგენდარული ფოტო, რომელზეც ამერიკელი საზღვაო ქვეითი სიმპათიურ მედდას კოცნის, ჟურნალ "ლაიფ მეგეზინის" ცნობილმა ფოტორეპორტიორმა ალფრედ ეიზენშტედტმა სწორედ მაშინ გადაიღო, როდესაც (1945 წლის 14 აგვისტოს) ნიუ-იორკელებმა იაპონიის კაპიტულაციის შესახებ შეიტყვეს და მანჰეტენში, ქალაქის მთავარ მოედანზე - ტაიმს სკვერზე ზეიმი გამართეს.

ეს კადრი ფოტოგრაფიის ისტორიაში "ყველაზე ცნობილ კოცნად" და ამავდროულად ერთ-ერთ საუკეთესო ფოტონამუშევრად არის აღიარებული. ფოტოს ისტორია კი ასეთია: "ტაიმს სკვერზე გამარჯვებით აღტაცებული ახალგაზრდა მეზღვაური ყველა შემხვედრ ქალს კოცნიდა, მე მის წინ გავრბოდი ჩემი კამერით და უკან-უკან ვიხედებოდი, მაგრამ არც ერთი სავარაუდო კადრი არ მომწონდა. უეცრად რაღაც თეთრი მომხვდა თვალში, შემოვტრიალდი და დავიჭირე მომენტი - როცა მეზღვაური ექთანს კოცნიდა... გოგონას რომ მუქი სამოსი სცმოდა, ამ კადრს არასოდეს გადავიღებდი! არც მაშინ გადავიღებდი, თუ მეზღვაურიც თეთრ ფორმაში იქნებოდა გამოწყობილი. რამდენიმე წამში 4 ფოტო გადავიღე. მათგან ერთ-ერთი კი "ლაიფში" ერთი კვირის შემდეგ გამოქვეყნდა და მსოფლიოსთვის გამარჯვების სიმბოლოდ იქცა", - იხსენებს ეიზენშტედტი.

მას შემდეგ მრავალმა ქალმა განაცხადა, რომ სწორედ ისინი მოხვდნენ ფოტორეპორტიორის კადრში, თუმცა ნამდვილი მედდა - ედით შეინი 30 წლის განმავლობაში დუმდა, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავი ფოტოს გამოქვეყნებისთანავე იცნო.

"ადრე ამის გაცხადება მეუხერხულებოდა", - მისწერა მან ეიზენშტედტს 70-იანი წლების ბოლოს, - მაგრამ ახლა, როდესაც სამოცის გავხდი, ამის აღიარების აღარ მრცხვენია".

ედითი ლონდონის ჰოსპიტალის ექთანი გახლდათ, რომელიც იმ დროს მეგობრებთან ერთად ტაიმს სკვერისკენ მიეშურებოდა. "მეტროდან გამოსვლისთანავე უცნობმა ამერიკელმა მეზღვაურმა ხელი მტაცა და ჩამკოცნა, წინააღმდეგობა არ გამიწევია, რატომაც არა, ის ხომ მეც და ჩემს ქვეყანასაც იცავდა!" - განაცხადა მან მოგვიანებით. ამ აღიარებამ ედით შეინის ცხოვრება შეცვალა, გამარჯვების სიმბოლო გახდა და მუდმივად იწვევდნენ გამარჯვებისადმი მიძღვნილ ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე.

ედით შეინი 2010 წელს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა "გამარჯვების კოცნის" ქანდაკება ტაიმს სკვერზე მის სიცოცხლეში, 2007 წელს დაიდგა. ხოლო ტაიმს-სკვერზე კოცნის ყოველწლიური ტრადიცია კიდევ 2 წლით ადრე, 2005 წელს იაპონიაზე გამარჯვების 65 წლისთავზე იშვა - მაშინ მოედანზე უამრავი ადამიანი, ვეტერანებიც და ახალგაზრდებიც კოცნიდნენ ერთმანეთს. ბევრი მათგანი შესაბამის სამოსშიც იყი გამოწყობილი.

მეზღვაურის ვინაობა კი სამუდამოდ უცნობი დარჩა - მიუხედავად იმისა, რომ "ლაიფ მეგეზინმა" 1980 წლის აგვისტოში თხოვნით მიმართა უცნობს, რომ ჟურნალს გამოხმაურებოდა. რედაქტორებმა განაცხადეს, რომ მათ 11 კანდიდატი გამოეხმაურა, თუმცა ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცი არც ერთი არ აღმოჩნდა. საფუძვლიანმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ მხოლოდ ედით შეინის "ნამდვილობა" დაადასტურა.

მოამზადა რამაზ გურგენიძემ