3D შინაური ცხოველი! - კვირის პალიტრა

3D შინაური ცხოველი!

90-იანი წლების ბოლოს იაპონიასა და ჩინეთში თითქმის ყველა ბავშვს ჰქონდა ელექტრონული სათამაშო - ე.წ. "ტამაგოჩი", რომლის მოვლა-პატრონობა, გამოკვება, თამაში და ხანდახან მკურნალობაც კი იყო შესაძლებელი. ჩინელმა დიზაინერებმა თამაშის "გამოცოცხლება" გადაწყვიტეს და თანამედროვე ბავშვებისთვის ინოვაციური "ტამაგოჩი" შეიმუშავეს. მას ჟარპეტ (ანუ შინაური ცხოველი ქილაში) უწოდეს.

სათამაშო მინის ცილინდრს წარმოადგენს, რომელშიც 3D-პროექტორია ჩამონტაჟებული. იგი ცილინდრის შიგნით ნებისმიერ ვირტუალურ ცხოველს ქმნის - ცხოველის ჩამოტვირთვა შესაძლებელია სპეციალური სერვერიდან. ბავშვს რომელიმე ცხოველი თუ მოჰბეზრდება, მისი შეცვლა იოლია...

სამგანზომილებიანი ცხოველი არა მარტო ნამდვილივით გამოიყურება, არამედ შესაბამისადაც იქცევა. თუ "ქილას" მიუკაკუნებ, მწერი შეფუცხუნდება, თევზები გამჭვირვალე კედელთან მოცურდებიან, პეპელა ფრთებს ააფრიალებს.

აღსანიშნავია, რომ ჟარპეტ-მა 2012 წელს კონცეპტუალური პროექტების კონკურსზე პირველი პრემია მიიღო.