დედოფალს "დიანა" არ გააგონოთ!
11-03-2013
დედოფალს "დიანა" არ გააგონოთ!
კეიტ მიდლტონმა სამეფო ოჯახის საიდუმლო გაამჟღავნა

კემბრიჯის ჰერცოგის მეუღლეს წამოსცდა, რომ გოგონა ეყოლება


კეიტ მიდლტონს, რომელიც უკვე სავარაუდოდ, სამი თვის ორსულია, ინგლისურ საპორტო ქალაქ გრიმსბიში სტუმრობისას შემთხვევით წამოსცდა, რომ გოგონა ეყოლება - კეიტთან შეხვედრით აღტაცებულმა ერთ-ერთმა ქალბატონმა სამეფო ოჯახის რძალს თეთრი პლუშის დათუნია მიაწოდა, პრინც უილიამის მეუღლემ კი საჩუქარი სიხარულით მიიღო და თქვა:

"გმადლობთ, ამ დათუნიას ავიღებ ჩემს ასულ დ-სთვის..." - "დ"-ს წარმოთქმისას კეიტს ენა დაება, გაწითლდა, დაიბნა და სიტყვა
გაუწყდა.

იქვე მდგომმა გრიმსბის მცხოვრებმა 67 წლის ქალბატონმა კეიტს მაშინვე ჰკითხა: "გინდოდათ გეთქვათ, რომ დათუნია გოგონასთვის გსურთ?", რაზეც მიდლტონი უფრო გაწითლდა და უპასუხა: "არა, ჩვენ არ ვიცით ბავშვის სქესი, უფრო ზუსტად, არავის ვეუბნებით!"

როგორც ცნობილია, კეიტისა და უილიამის შვილის დიდი ბებია, დედოფალი ელისაბედ მეორე, გოგონას
დაბადების შემთხვევაში, წინააღმდეგია ბავშვს დიანა დაარქვან. დიდი ბრიტანეთის სამეფო სახლის ეტიკეტის თანახმად, დედოფალს აქვს აბსოლუტური უფლება, მოიწონოს ან დაიწუნოს ნებისმიერი პოტენციური მემკვიდრის სახელი. არადა, მომავალმა მშობლებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ გოგონასთვის უილიამის გარდაცვლილი დედის, ლედი დიანას პატივსაცემად მისი სახელის დარქმევა სურდათ, რაზეც  ელისაბედ მეორემ კატეგორიული უარი განაცხადა!

შეწუხებულმა უილიამმა მამამისს, პრინც ჩარლზს სთხოვა დედოფალთან  ეშუამდგომლა. სამეფო ოჯახთან დაახლოებული წყარო აცხადებს, რომ ჩარლზი გაგებით ეკიდება შვილის სურვილს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ დედოფალი გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

პირველი ცნობები კეიტის ორსულობის შესახებ 2012 წლის დეკემბერში გამოჩნდა და მას შემდეგ კემბრიჯის ჰერცოგის მეუღლის შესახებ ინფორმაციას პრესა გაფაციცებით ეძებს. მათი გამოთვლებით მიდლტონი ბავშვს ივლისში გააჩენს - გოგონა გაჩნდება თუ ბიჭი, ის ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე იქნება.
n.m.
16 მარტი 2013 11:56
რა ბედნიერები არიან ეს ინგლისელები! ჩვენსავით კოჰაბიტაცია და საპარლამენტო ცვლილებები კი არ აინტერესებთ, არამედ ჯერ დაუბადებელი ბავშვის სქესი და მისი სახელი. ისე ხალისობენ და ხარობენ, თითქოს ქვეყნად მეტი პრობლემა არ იყოს! ნეტავ, როდესმე ჩვენც მასე ავაწყობთ ცხოვრებას? ისე, მე მოსაწყენი მგონია. რა ჯობია, დილით რომ გაიღვიძებ და პოლიტიკის ცხელ-ცხელ ამბებს მოისმენ. მერე კეიტის კი არა, შენი მომავალი შვილის დაბადებაც გავიწყდება და საკუთარ გაჩენას წყევლი! აი, მესმის ცხოვრება!

რედაქტორის რჩევით