ბომჟი სასურველ სასიძოდ იქცა - კვირის პალიტრა

ბომჟი სასურველ სასიძოდ იქცა

ერთ-ერთ ბრიტანულ რადიოსადგურს (Key 103) უსიამოვნო ამბავი შეემთხვა - ანსამბლი, რომელსაც პირდაპირ ეთერში გადაცემაში, "დიჯეი ტიმ შოუსთან ერთად", რამდენიმე სიმღერა უნდა შეესრულებინა, სტუდიაში ვერ მივიდა.

დაბნეულმა თანამშრომლებმა სიტუაციიდან გამოძრომა სცადეს და დახმარება სთხოვეს 45 წლის უსახლკარო სტივ რომერს, რომელიც აკორდეონზე ბრწყინვალედ უკრავდა. უსახლკარომ კი იმდენად ვირტუოზულად დაუკრა, რომ აღაფრთოვანა სანტიმენტალური მსმენელი და რადიოსადგურის პროფესიონალი თანამშრომლები.

ხელმძღვანელობამ უცნაურ ბომჟს თანამშრომლობა შესთავაზა...

სტივი პროფესიით პროგრამისტი აღმოჩნდა, რომელმაც სამუშაო იმიტომ მიატოვა, რომ პროფესიონალი მუსიკოსი გამხდარიყო. 4 წლის ქუჩაში წანწალმა და ღია ცის ქვეშ ცხოვრებამ სტივი ბომჟად აქცია და როდესაც რადიოს პროდიუსერმა მანჩესტერის ერთ-ერთ უბანში, დინსგეიტში მიაგნო, აკორდეონისტს ცალი ფეხსაცმელი ეცვა...

რადიოში მისი შესრულებული მუსიკა სულ მალე ჰიტი გახდა. თუმცა ახალი თანამშრომლის "ფორმაში მოყვანა" რადიოსადგურს 4 000 გირვანქა სტერლინგი დაუჯდა - რომერი ჯერ დალაქს და კოსმეტოლოგებს მიაბარეს, რომლებმაც ჭაღარა წვერი გაჰპარსეს, თმა შეკრიჭეს და ქერა მამაკაცად აქციეს, ამოუქნეს წარბები, გაუკეთეს სახის კოსმეტიკური პროცედურები, მანიკიური და პედიკიური, კბილის პროთეზი, ხოლო "გარდერობი" - გაცვეთილი ჯინსის შარვალი და ცალ-ცალი ფეხსაცმელი მოდური კოსტიუმებით და მდიდრული ფეხსაცმელებით შეუცვალეს.

"გარდასახვის გამო თავს ცოტა უცნაურად ვგრძნობ, რადგან არასდროს ვყოფილვარ მოდის მიმდევარი - ეს ჩემთვის სიახლეა. ჩემთან მუშაობა ძნელია და მადლობას ვუხდი ყველა თანამშრომელს, ვინც დამეხმარა", - ამბობს "ახალდაბადებული ფრანტი".

"ახლა სტივი უკვე მეგობარ გოგონას ეძებს და მსურველებს შეუძლიათ რადიოშოუს გამოეხმაურონ", - დასძენს სტივის "ამაგდარი" პროდიუსერი.