ვირთხებზე გაცვლილი ქორწინება - კვირის პალიტრა

ვირთხებზე გაცვლილი ქორწინება

ცხოველები უნდა გვიყვარდეს, თუმცა კანზასელ ჩანტალ ბენქსს აშკარად ზედმეტი მოუვიდა - 11-წლიანი ქორწინება 19 შინაურ ვირთხას ანაცვალა. ამბობს, რომ ისინი ადამიანებს ურჩევნია. მართლაც, თავის ვირთხათა ამალას ჩანტალ ბენქსი დედასავით ექცევა, გულში იხუტებს, თავისი ხელით (ზოგჯერ პირითაც) აჭმევს. ცოლის ვირთხებით გატაცებას ვეღარ გაუძლო ჩანტალის ქმარმა და როდესაც ქალმა შინ კიდევ ერთი ვირთხის მოყვანა განიზრახა, მოთმინების ფიალაავსებულმა მეუღლეს განუცხადა - ან მე, ან ვირთხებიო! პასუხად კი კარისკენ მიუთითეს. უფრო მომთმენი აღმოჩნდა ჩანტალის შვილი, რომელიც მართალია, შინიდან არ გაქცეულა, მაგრამ ერთ-ერთი სატელევიზიო შოუდან მთელ მსოფლიოს ამცნო, რომ ბავშვობაში დედა მასზე ვირთხებზე მეტად არ ზრუნავდა და ფაქტობრივად, მღრღნელები მისი და-ძმის როლს ასრულებდნენ. შვილის განცხადებას ჩანტალი სულაც არ აუღელვებია. პირიქით, განაცხადა, - ვირთხები ბევრ ადამიანს მირჩევნია, მათ გარეშე ვერ ვიცოცხლებ და ისინიც სიყვარულით მპასუხობენ. როდესაც ვტირი, ცრემლებს მილოკავენ და მეხუტებიანო...