ყველაზე "ბედნიერი" მძღოლები - კვირის პალიტრა

ყველაზე "ბედნიერი" მძღოლები

Ferrari-ს მართვა მოსაწყენი ყოფილა?!

ბრიტანელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რათა დაედგინათ, რომელი ავტომობილების მართვისას გრძნობენ ადამიანები თავს უფრო ბედნიერად. ბრიტანეთის მასშტაბით კითხვა 2000 რესპონდენტს დაუსვეს. გაირკვა, რომ მართვის პროცესით სიამოვნებას გამოკითხულთა 69% იღებს, 20% კი საჭის ტრიალს მიიჩნევს აუცილებლობად, რომლისგანაც ვერანაირ კმაყოფილებას ვერ იღებს. როგორც აღმოჩნდა, ბრიტანელ მძღოლებს შორის ყველაზე ბედნიერები BMW-ს მფლობელები არიან - მათმა 82%-მა სწორედ ასეთი პასუხი გასცა.

"ბედნიერების კოეფიციენტი" მცირედით ნაკლებია Aston Martin-ისა და Lexus-ის (78%), შეატ-ისა (76%) და Peugeot-ის (75%) მძღოლთა შორის. რაც შეეხება Ferrari-ს საჭესთან მსხდომებს, რაც უნდა საკვირველი იყოს, მართვისგან სიამოვნებას იტალიური სპორტკარების მფლობელთა მხოლოდ 57% იღებს! სავარაუდოდ, ეს ისეთი ფაქტორებით არის გამოწვეული, როგორებიცაა ავტომობილის ღირებულება, სხვადასხვა სახის შეზღუდვა და გაუთავებელი საცობები. საკუთარი ავტოებით არც ისე კმაყოფილნი არიან Land Rover-ის მეპატრონეები - მათგან მხოლოდ 59%-ია მოხარული, ამ მარკის ავტომანქანა რომ ჰყავს. თუმცა, ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტია, ვიდრე Volvo-ს შემთხვევაში - შვედური მარკის მძღოლთა შორის "ბედნიერი" მხოლოდ 46%-ია. გარდა ამისა, გამოკვლევამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ძველი თეორია იმის შესახებ, რომ საშუალო მონაცემების მქონე მანქანის სწრაფად გაქროლება გაცილებით უკეთესია, ვიდრე გადატვირთულ ქუჩებში ძვირად ღირებული სპორტკარით "ჩანჩალი"...

P. S. არადა, როგორი Ferrari-ი წარმოადგინეს ახლახან დასრულებულ ჟენევის ავტოსალონზე, ფოტოზეც ხედავთ.