რომელი ავტომანქანებით ინტერესდებიან ყველაზე მეტად ქართველი "ხელმრუდები" - კვირის პალიტრა

რომელი ავტომანქანებით ინტერესდებიან ყველაზე მეტად ქართველი "ხელმრუდები"

რომელ ავტომანქანებს იპარავენ საქართველოში ყველაზე ხშირად? - ეს კითხვა რუსულ ვებგვერდზე "2012 წლის ყველაზე ხშირად გატაცებული ავტომანქანების" სტატისტიკის ნახვის შემდეგ გამიჩნდა. სტატიაში ნათქვამია, რომ 2011 წელთან შედარებით მოსკოველ გამტაცებლებს შორის ყველაზე "მოთხოვნადი" მოდელების ხუთეული 2012 წელს სრულიად შეიცვალა. მაგალითად, ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის მონაცემებით, ორი წლის წინ მოსკოვში ყველაზე ხშირად BMW X6-სა და Mazda CX9-ს იპარავდნენ. გატაცებათა რაოდენობით მომდევნო ადგილებს ინაწილებდნენ Honda Accord-ი, Infiniti FX-ი, Subaru Forester-ი და S-კლასის Mercedes-Benz-ი.

...რუსეთის დედაქალაქში მოქმედ "ავტო-მომპარავებს" შორის ყველაზე პოპულარული პრემიუმკლასის ავტომანქანები გახდა. კერძოდ, "ყველაზე ხშირად გატაცებული ავტომობილების" შარშანდელი რეიტინგის პირველი პოზიციიდან BMW X6-ი დაქვეითდა, მის ნაცვლად ლიდერებს შორის გამოჩნდნენ Mercedes-Benz G-Class-ი, წარმომადგენლობითი სედანი Lexus LS-ი, Mazda 9, Mitsubishi Outlander-ი, R-კლასის Mercedes-Benz-ი... გატაცებათა რაოდენობით, მომდევნო ადგილებზე არიან Mazda CX7-ი, ქროსოვერი Toyota Highlander-ი და ადგილობრივი წარმოების "Lada Priora". კომპანია, რომელმაც აღნიშული სტატისტიკა გამოაქვეყნა, ცვლილებებს რუსეთის ბაზარზე ახალი მოდელების გავრცელებას უკავშირებს: მოპარვის შემდეგ, ზემოთ აღნიშნულ მოდელებს ნაწილებად შლიან და მეორად ბაზარზე აბარებენ...

რუსულ ბაზარზე არსებულ ვითარებაზე მეტად, ჩვენ ქართული რეალობა გვაინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში მინიმუმამდე შემცირდა როგორც ავტომანქანების, ისე მათი ნაწილებისა და აქსესუარების ქურდობა, უინტერესო არ უნდა იყოს, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში სულ 267 ავტომანქანა მოიპარეს. აქედან, 2011 წელს 116 ერთეული, 2012-ში კი - 151. რაც შეეხება საავტომობილო მარკებს, მართალია, საბჭოთა კავშირიც დიდი ხნის წინ დაიშალა და "სწორებაც" ევროპისკენ გვაქვს, მაგრამ ავტომანქანების მოყვარულ ქართველ "ხელმრუდებს" შორის, ყველაზე დიდი პოპულარობით (შსს-სგან მიღებული სტატისტიკა. - ავტ.) მაინც რუსული წარმოების ავტომანქანები რჩება. მაგალითად, 2011 წელს მოპარული ავტოებიდან, ყველაზე მეტი, ანუ 26 ერთეული, სწორედ რუსული Vaz-ის სხვადასხვა მოდელია. უცხოურ მარკებს შორის, ქართველ ქურდებს ყველაზე მეტად Ford-ი (16 ერთეული), Mercedes-Benz-ი (12), Opel-ი (12) და Volkswagen-ი (12) მოსწონდათ.

2012 წელს, გატაცებულ ავტომანქანათა რიცხვი 151-მდე გაიზარდა, ქურდობის ობიექტთა მესამედზე მეტს კი ისევ რუსული (ან საბჭოთა) წარმოების ავტომობილები შეადგენდნენ: Uaz-ი (31 ერთეული) და Vaz-ი (26). ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ მარკების მომხმარებლებიც და მომპარავებიც რეგიონების მცხოვრებნი არიან. რაც შეეხება უცხოურ მარკებს, ყველაზე მეტი (14) შარშან Toyota გაიტაცეს, შედარებით ნაკლები კი Opel-ი (13) და Mercedes-Benz-ი (12). მიუხედავად იმისა, რომ BMW-ს მარკის ავტომანქანები საქართველოში ძალიან პოპულარულია, გატაცებების მიხედვით ეს მარკა ნამდვილად არ ლიდერობს: ორი წლის წინაც და შარშანაც მხოლოდ 5-5 BMW გაიტაცეს. დანარჩენი მარკები კი ჩამონათვალში მხოლოდ 1-2 ეგზემპლარით მოხვდნენ...