სიკვდილს ხელიდან გამოსტაცეს - კვირის პალიტრა

სიკვდილს ხელიდან გამოსტაცეს

ტანზანიაში, მიკუმის ნაკრძალში მობინადრე ლომების ოჯახი 3 წელი კვებავდა განწირულ ახალგაზრდა ხვადს, რომელსაც ყელზე ლითონის მავთული  ჰქონდა შემოჭერილი, რის გამოც შიმშილით სიკვდილი ან გარდაუვალი მოხრჩობა ელოდა.

საქმე ისაა, რომ ლომმა ბოკვრობისას ცნობისმოყვარეობის გამო ბრაკონიერების მიერ ანტილოპასთვის დაგებულ ხაფანგში გაყო თავი. მართალია, შემდეგ როგორღაც მოახერხა ხაფანგიდან თავის დახსნა, მაგრამ ყელზე მავთულის ყულფი დარჩა. საშინელება ის იყო, რომ რაც უფრო იზრდებოდა, ყულფი უფრო და უფრო უჭერდა... ერთ დღესაც გაუმართლა, მტაცებელი ტურისტებმა და ნაკრძალის თანამშრომლებმა  შენიშნეს.

ლომების ოჯახმა თანამოძმე გაჭირვებაში არ მიატოვა, 3 წელი უვლიდნენ და ნანადირევს უზიდავდნენ.

მეცნიერები გაკვირვებული არიან, რადგან, როგორც წესი, ლომები სუსტ და დაავადებულ ხვადებს არ ინდობენ და ხოცავენ, ამ შემთხვევაში კი პირიქით, თავს ევლებოდნენ.

ნაკრძალის თანამშრომლებმა ტურისტების დახმარებით რამდენიმე ხნის წინ შეძლეს განწირული ნადირის კვალზე დადგომა და მისი გადარჩენა, თუმცა კი დიდი ჯაფა დაადგათ.

ლომი დააძინეს. ტყავში ღრმად ჩაზრდილი ლითონის ყულფის ამოღებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, თანაც ექსტრემალურ ვითარებაში მოუწიათ მუშაობამ - რამდენიმე საათის განმავლობაში ხუთ გავეშებულ ლომს რეინჯერები ჰაერში სროლით იგერიებდნენ.

"ლომს სულზე მივუსწარით, მაგრამ ძალიან საშიში პროცედურა იყო. ოპერაცია წარმატებით დავასრულეთ, ძალზე ღრმა ჭრილობებიც დავამუშავეთ, თუმცა საბოლოოდ მოსარჩენად მის ერთგულ ოჯახს დავუტოვეთ", - თქვა ნაკრძალის უფროსმა უილიამ მვაკილემამ.

ზედამხედველთა და ტურისტთა მტკიცებით, ლომი ძალიან მალე სავსებით გამოჯანმრთელდა, ფაფარიც წამოეზარდა, ხოლო მის წარსულ მძიმე ცხოვრებაზე მხოლოდ დიდი ნაწიბურები მეტყველებს.