"გეპარდის მეგობარი მხოლოდ ადამიანია" - კვირის პალიტრა

"გეპარდის მეგობარი მხოლოდ ადამიანია"

იტალიელები - 50 წლის ლაურა ბონჯორნი და 51 წლის ადალბერტო მანგინი რამდენიმე წელია ცხოვრობენ ზამბიის ნაკრძალ "მუკუნიში", სადაც სხვებთან ერთად წითელ წიგნში შეტანილი ლომების, ლეოპარდებისა და გეპარდების გამრავლებას უწყობენ ხელს - მტაცებლებს ნადირობის ჩვევების ათვისებაში ეხმარებიან და მერე ველურ ბუნებაში აბრუნებენ. ისინი მტაცებლებთან უშიშრად სეირნობენ. "არ უნდა აჩვენოთ, რომ მათი გეშინიათ, ამას გრძნობენ. უსათუოდ პატივი უნდა სცეთ და ხშირად ესაუბროთ  - მალე  თქვენი ხმის გარჩევას დაიწყებენ"," - განმარტავენ მეცნიერები.

თუ ლომების ადაპტაცია შეცვლილ გარემო-პირობებთან გაცილებით ადვილია, გეპარდებს, აფრიკულ მტაცებლებს შორის, გაქრობა ყველაზე მეტად ემუქრებათ. ამის მიზეზი  საბინადრო არეალის და მოსანადირებელი ცხოველების  მკვეთრი  შემცირებაა - მათ ხომ მტაცებლებს შორის ბევრი კონკურენტი ჰყავთ: ლომებისა და ლეოპარდების გარდა, აფთრები, სვავები და ა.შ., რომლებიც გეპარდებს ნანადირევს ადვილად ართმევენ. ამიტომ ლაურასა და ადალბერტოს "აღსაზრდელებიდან" ყველაზე მეტად სწორედ გეპარდები უყვართ. "გეპარდები დანარჩენებისგან ინტელექტითაც განსხვავდებიან, მათ ძალიან აქვთ განვითარებული შეჯიბრების პრინციპი და ძალიან უყვართ "მოგება", - ამბობს ადალბერტო, რომელიც მიიჩნევს, რომ გეპარდისთვის, სხვა მტაცებლებისაგან განსხვავებით, მეგობარი მხოლოდ ადამიანია. “

"აფრიკის სხვა ნაკრძალებშიც ასეა, მათ სულ უფრო ნაკლებად ეშინიათ ადამიანებისა. თუმცა, ლაურა განსაკუთრებით უყვართ და მასთან ძალიან მეგობრობენ", - დასძენს ადალბერტო.