"ანგელოზი" ჯიმი შოუში თავისი "ფეხით" მივიდა - კვირის პალიტრა

"ანგელოზი" ჯიმი შოუში თავისი "ფეხით" მივიდა

როგორც ჩანს, ჯიმ კერის უშველებელი "ბოტოტები", რომელიც ვარსკვლავმა პირველად ოსკარის ცერემონიალზე გამოამზეურა, იმდენად კომფორტულია, რომ მსახიობმა მათი გულისთვის კომიკოსების უპირველეს წესსაც კი - არასოდეს გაიმეორო ხუმრობა - გადაუხვია და დეივიდ ლეტერმანის შოუში ჰიტად ქცეული გიგანტური "ფეხებით" კვლავ გამოცხადდა, ან, შეიძლება ითქვას, თავისი ფეხით მივიდა.

მასპინძელს შენიშვნაზე, - ცოტა უცნაურად გამოიყურებიო, მიუგო, - "ბოტოტები" მხოლოდ ჩემი გიგანტური ეგოს გაგრძელებაა, თანაც ძალიან მოსახერხებელია აქეთ-იქით სატყაპუნოდო.

თებერვალში, როდესაც კერი ოსკარის ცერემონიალზე გოლიათური "ფეხებით" გამოცხადდა, მისმა გარეგნობამ მრავლისმნახველი ჰოლივუდიც კი გააოცა - დიდი ფეხების გარდა, მსახიობს ზურგზე ანგელოზის ფრთებიც "ამოსვლოდა", რომელთაც ონავარი ჯიმი სურვილის მიხედვით აფართხუნებდა.