ინდოეთში "წიქარას" კუდზე ჰკბენენ?! - კვირის პალიტრა

ინდოეთში "წიქარას" კუდზე ჰკბენენ?!

გაზაფხულობით, ინდოეთის შტატ კერალაში, ტრადიციული ხარების დოღი იმართება - საინტერესო ის არის, რომ ყველაზე ძლიერი და სწრაფი "წიქარას" გამოვლენა აუცილებლად კოჭამდე წყლით დაფარულ ბრინჯის ყანებში ხდება. შეჯიბრება "მეგუთნე-ჟოკეებისგან" სიმამაცესა და მოხერხებულობას მოითხოვს, რადგან ხის მსუბუქ გუთანზე შიშველი ფეხებით შემდგარ მონაწილეებს უფლება აქვთ მხოლოდ ხარის კუდს ჩაეჭიდონ. ეს კი დოღს უფრო "სერფინგს" ამსგავსებს... სირთულეების მიუხედავად, მონაწილეობის მსურველი სულ უფრო მატულობს და შეჯიბრება ხშირად მთელ კვირას გრძელდება.

მოგეხსენებათ, ინდოეთში ძროხა და ცხადია ხარიც წმინდა ცხოველად ითვლება, მისი მოკვლის ან დაჭრის შემთხვევაში, დამრღვევს თავისუფლების აღკვეთა ელის. ამიტომ, ბუნებრივია, "ტალახის ჟოკეებს" არც მათრახი აქვთ, არც - დეზები, თუმცა გასაკვირი ის არის, ხარის გასახელებლად, ფინიშის ხაზამდე მალე რომ მიაღწიოს, მონაწილეებს უფლება აქვთ "წმინდანს" კუდზე უკბინონ(?!).