ფუტკარს კუს ცრემლები ეგემრიელა - კვირის პალიტრა

ფუტკარს კუს ცრემლები ეგემრიელა

39 წლის ფრანგი ეკოლოგი ოლივერ დანგლესი, რომელიც 7 წელია სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობს და ამაზონის აუზის ფლორას სწავლობს, ეკვადორის ეროვნულ პარკ "იასუნიში" უნიკალურ სცენას შეესწრო. მეცნიერმა სეირნობისას ტბორში ჩაძირულ მორზე მჯდომი ე.წ. ყვითელთავა კუ დაინახა და მაშინვე ფოტოს გადაღება გადაწყვიტა.

სანამ ობიექტივს ასწორებდა, სრულიად მოულოდნელად კადრში ფუტკარიც "აღმოაჩინა". ფუტკარი კუს თავთან ნელა დაეშვა და ხორთუმი მის ხან ერთ და ხან მეორე თვალს შეახო. ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ ამაზე კუს წარბი არ შეხრია!

"აბორიგენებისგან გაგონილი კი მქონდა, ფუტკარი ყვითელთავა კუს ცრემლებს "სვამსო", მაგრამ მანამდე მსგავსი არაფერი მინახავს. ახლა კი მე გავხდი პირველი ადამიანი, ვისაც ამის დადასტურება უნიკალური ფოტოებით შეუძლია", - ამბობს ეკოლოგი.

სინამდვილეში ყვითელთავა კუს ორგანიზმიდან ჭარბი ნატრიუმის მარილების გამოტანა სჭირდება, ფუტკარს კი ეს მარილები აკლია...

მსგავსი სიმბიოზი ცხოველთა სამყაროსთვის უცხო არ არის. არსებობს რამდენიმე სახეობის პეპელა, რომელიც "სიამოვნებით სვამს" ირმის, ნიანგისა და ზოგი ფრინველის ცრემლებსაც, რომელთაც თვალებიდან მარილიანი გამონადენის დამოუკიდებლად მოცილება უჭირთ.