თამაში უსქესო თოჯინებით - კვირის პალიტრა

თამაში უსქესო თოჯინებით

შვედური ზღაპარი ორი უშვილო მამალი ჟირაფისა...

შვედეთში, სტოკჰოლმის ყველაზე ლიბერალურ უბანში, სოდერმალმეში, 2010 წლიდან არსებობს საბავშვო ბაღი "ეგალია" (თანასწორობა), რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ბაღში 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს ასწავლიან ტოლერანტულ დამოკიდებულებას საზოგადოების ყველა წევრის მიმართ, განურჩევლად სქესისა.

აქ აღმზრდელები მიმართვისას მხოლოდ "გენდერულად ნეიტრალურ" ფრაზებს იყენებენ, ბავშვები კი უსქესო თოჯინებით თამაშობენ. თანამშრომლები, თავიდან რომ აიცილონ მდედრობითი ან მამრობითი სქესის გამომხატველი ნაცვალსახელის ხმარება, იყენებენ ლიტერატურულ ენაში არარსებულ საშუალო სქესის აღმნიშვნელ ჟარგონს, რომელიც ჰომოსექსუალებისა და ფემინისტებისთვისაა დამახასიათებელი.

პატარებს არ უკითხავენ ზღაპრებს "ფიფქიას", "მძინარე მზეთუნახავისა" და "ქალთევზას" შესახებ. ნაცვლად ამისა, უკითხავენ ლიტერატურას, სადაც არ არის დომინირებული რომელიმე ერთი სქესი. მაგალითად, ზღაპარს ორ მამალ ჟირაფზე, რომლებიც მანამდე წუხდნენ უშვილობის გამო, სანამ მიტოვებული ნიანგის კვერცხი არ იპოვეს...(?!)

საბავშვო ბაღის გამგის თქმით, მისი ამოცანაა, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც შემწყნარებელი იქნება ლესბოსელების, ჰომოსექსუალისტების, ბისექსუალებისა და ტრანსსექსუალების (ლგბტ) მიმართ. ამიტომ აქაური "საბავშვო ამბებიც" მხოლოდ ერთსქესიანი წყვილების გარშემო ტრიალებს. "ეგალიაში" გოგონები და ბიჭები არ არიან, არიან მხოლოდ "მეგობრები".

"როცა საბოლოოდ გამოვუტყდი თავს, რომ გეი ვარ, მეტად თავდაჯერებული გავხდი და დასრულდა ჩემი, როგორც მარტოსული ადამიანის, ცხოვრება", - ეს არის ციტატა წიგნიდან "გეი-ბავშვები". წიგნი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ცნობილი ადამიანების ბავშვობაზე მოგვითხრობს. ავტორებს სურთ, გამოცემა სკოლის პროგრამაში შეიტანონ, რასაც ასე განმარტავენ: "ჩვენ გვსურს, რომ ამ წიგნის მეშვეობით პოტენციურმა გეი-ბავშვებმა გააცნობიერონ, რომ ისინი განსხვავებული ორიენტაციისანი, მაგრამ თანასწორუფლებიანი და სრულფასოვანი საზოგადოების წევრები არიან. შესაბამისად, ნაკლებ ფსიქოლოგიურ პრობლემებს წააწყდებიან ცხოვრებაში".

ქვეყანაში უკვე 20 ათასამდე ერთსქესიანი წყვილი ზრდის შვილებს. მოსახლეობის 2/3 კი მომხრეა შვილად აყვანის პრაქტიკისა... მიუხედავად ამისა, საბავშვო ბაღებში აღზრდის მსგავსი მეთოდები შვედეთში ბევრისთვის მიუღებელია.

იხილეთ ვიდეო: გეი-ბავშვები და სიმღერა ორ მამაზე - ქვეყნები, სადაც ბაღიდან ასწავლიან ტოლერანტობას