"ტრუსიკის მეგობრობა" არ მთავრდება - კვირის პალიტრა

"ტრუსიკის მეგობრობა" არ მთავრდება

6 წლის ემილი ბრენდი და ორანგუტანგი რიში "ტრუსიკის მეგობრები" არიან - 2008 წლიდან ერთად იზრდებიან. ისინი ფლორიდის "იშვიათი ცხოველების ინსტიტუტში" დამეგობრდნენ, სადაც ემილის ფოტოგრაფი მამა პროფესიული ფოტოების გადასაღებად პროფესორმა ბაჰაგავან ანტლმა მიიწვია. მას შემდეგ ემილი ხშირად სთხოვდა მამას რიშისთან წაყვანას. პატარების ყოველ შეხვედრაზე "სრული ურთიერთგაგება" სუფევდა. როცა წამოიზარდნენ, გოგონა მეგობრისთვის პიკნიკებს აწყობდა და ათასნაირი სასუსნავით უმასპინძლდებოდა. ახლახან კი პროფესორმა ფოტოგრაფს მეგობრების დაშორება მოსთხოვა: "ოდესმე ყველაფერი მთავრდება. რიში ახლა ისეთ ასაკშია, საშიშია, ემილის უნებურად რამე არ დაუშავოს. ლომი და ვეფხვიც კი ასეთ ასაკში უფრო აკონტროლებენ საკუთარ ქცევას, ვიდრე მოზარდი ემოციური პრიმატები. მით უმეტეს, ორანგუტანგი ადამიანზე 8-10-ჯერ ღონიერია".  ემილი გაგებით მოეკიდა რჩევას და მეგობარს დაემშვიდობა, თუმცა იმედი აქვს, როცა დიდები გახდებიან, კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს.