მატეოს "უკარება" ზაზუნები - კვირის პალიტრა

მატეოს "უკარება" ზაზუნები

ალპების ბინადარ ზაზუნას მეტად მკაცრ პირობებში უწევს ცხოვრება - ზამთარში, ღრმა სოროში  ნახევარ წელიწადს სძინავს და მხოლოდ დაგროვილი შინაგანი რესურსებით სულდგმულობს. ალპურმა ზაზუნებმა გადაიტანეს გამყინვარების პერიოდიც და, ფაქტობრივად, იმ ეპოქის ცოცხალი რელიქტები არიან. ამასთან განსაკუთრებული სიფრთხილით გამოირჩევიან. აქაური ზაზუნა ყველაზე მეტად ადამიანებს ერიდება, რადგან მტაცებლებზე უფრო მონადირეები არ ინდობენ.

მით უფრო გასაკვირია ალპურ დასახლება გროსლოკერის მახლობლად მობინადრე ზაზუნების ქცევა, რომელთაც სულაც არ ეშინიათ ბიჭის. 8 წლის მატეო ვალჰასის მშობლების თქმით, ეს მეგობრობა 4 წლის წინ დაიწყო, როცა გროსლოკერში პირველად ჩამოვიდნენ დასასვენებლად. მფრთხალი ზაზუნები, მიუხედავად იმისა, რომ მატეოს მშობლებიც იქვე იყვნენ, ოჯახის წევრებივით შემოეხვივნენ გარს 4 წლის ბიჭუნას.

მას შემდეგ ისინი მატეოს საუკეთესო მეგობრები გახდნენ. ბიჭს ზაფხულობით ძალიან უყვარს ზაზუნებთან თამაში. ის მეგობრებს ხშირად სტაფილოთი და სხვა ბოსტნეულით უმასპინძლდება.

მეცნიერები ვერაფრით ხსნიან ზაზუნების ასეთი ქცევის მიზეზებს, მატეო კი თავის "საიდუმლოს" არავის უმხელს, მხოლოდ ზაზუნებს "ელაპარაკება" და ყოველ წელს მშობლებს მთაში წაყვანას სთხოვს.