მახინჯი ეძახე და.... - კვირის პალიტრა

მახინჯი ეძახე და....

ჩიხუახუასა და ტაქსას ნაჯვარი ძაღლი პატრონმა, როგორც ჩანს, თავიდან იმიტომ მოიშორა, რომ საოცრად მახინჯი  დაიბადა.  4 თვის საბრალო ლეკვი  ახალგაზრდა ქალმა კორტნი დეიშერმა სან-ფრანცისკოში, გზის პირას დაგდებული იპოვა. მახინჯ ლეკვს ტუნა დაარქვა და შინ წაიყვანა. დეიშერი ტუნას თავს ევლებოდა და საყვარელი ძაღლის ყოველდღიურად გადაღებული ფოტოებით ინტერნეტიც "გაავსო" - "ტუნამ ჩემი გული გაალღო", ასე ჰქვია დეიშერის ვებგვერდს, სადაც ძაღლს უკვე ნახევარ მილიონზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს. ბოლოს, მათი რჩევით, კორტნიმ ინტერნეტმაღაზიაც გახსნა, სადაც ტუნას სიმბოლიკიანი წვრილმანი საქონელი იყიდება. "ჰელო, ტუნა"! - აწერია მაისურებსა თუ  მობილური ტელეფონის შალითებს, რომლებიც 20-25 დოლარად თვალსა და ხელშუა ქრება...

"მას სასაცილო მეჩხერი კბილები,  დანაოჭებული ყელი და უჩვეულო გამომეტყველება აქვს, მაგრამ დანახვისთანავე შემიყვარდა და მიხარია, რომ უამრავ ადამიანს მოსწონს", - ამბობს კორტნი.

ბუნებრივია, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელიც მისთვისვე მოულოდნელად მილიონერად იქცა, თავის "განძს" ცივ ნიავს არ აკარებს.