ანორექსიული ღირსშესანიშნაობა - კვირის პალიტრა

ანორექსიული ღირსშესანიშნაობა

მსოფლიოში ყველაზე გამხდარი ქალია 39 წლის ვალერია ლევიტინა. ის 171 სმ სიმაღლისაა და მხოლოდ 25 კგ-ს იწონის. ადრე მოსკოველი გოგონა, რომელიც ვიოლინოზე უკრავდა და მოდელობაზე ოცნებობდა, 16 წლისა დედასთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. ზედმეტი  წონის კომპლექსი ბავშვობიდან ჰქონდა. საბოლოოდ კი დედის არცთუ სამართლიანმა შენიშვნამ, რომ მეტად მსუქანი იყო და მოდელად ვერ გამოდგებოდა, მასში ფსიქოლოგიური პრობლემები გამოიწვია - მოზარდს ანორექსია, ანუ მადის სრული დაკარგვა განუვითარდა. მან ამ დროიდან დაიწყო წონაში დაკლება. თავიდან არ ჭამდა შაქარს, პურს, მერე და მერე მთელი დღე შიმშილობდა. ბოლოს კი "მეტი სრულყოფილების" იდეამ შეიპყრო და იქამდე მივიდა, რომ საკვების გემოს ვეღარ გრძნობს და ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს მკაცრი სქემის მიხედვით, წამლების მსგავსად იღებს.

ვალერია ვერ გახდა მოდელი, სამაგიეროდ, "ანორექსიულ ღირსშესანიშნაობად" იქცა. მას ინტერნეტში უამრავი გულშემატკივარი გაუჩნდა. წერილებს სწერენ, ბევრი გოგონა კი მისგან გახდომის საიდუმლოს ითხოვს. "სწორედ მათთვის ვიღებ ფოტოებს, რათა ჩემსავით გახდომა გადაიფიქრონ", - ამბობს ვალერია.