ყველაზე, ყველაზე - კვირის პალიტრა

ყველაზე, ყველაზე

მსოფლიოში ყველაზე დიდი ცხენი ტეხასში, მაუნტ პლიზენტში ცხოვრობს. ამ ფლოქვებიან "ტანკს" სახელად რადარი ჰქვია. მისი სიმაღლე 2,8 მ-ია, წონა კი 1008 კგ. რადარს მადაც, ცხადია, მისი ზომების შესაბამისი აქვს. რადარი დღეში ათობით კგ ქერს მიირთმევს, რასაც 75 ლიტრ წყალს აყოლებს.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ღორის ფიტული ჩინეთში, ლაონინის პროვინციის მუზეუმში ინახება, რომელიც გინესის წიგნშია დაფიქსირებული. ის 900 კგ-ს იწონიდა და სიგრძეში 2,5 მ იყო, წელის გარშემოწერილობა კი 2,23 მ-ს, ხოლო ეშვების სიგრძე 14,4 სმ-ს აღწევდა.

მისი ყოფილი პატრონის ფერმერ ხუ ჩანჯინის თქმით, მისი ღორი ჩუნ-ჩუნი გოჭობიდანვე გასაოცარი მადით გამოირჩეოდა და მისი ცალკე სადგომში გადაყვანა გახდა საჭირო, რადგან 10 ღორისთვის გათვალისწინებულ საკვებს მთლიანად ის ნთქავდა. სუპერღორმუცელამ 5 წელი იცოცხლა.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ძაღლი ჰერკულესი ორი წელია, რაც პირველობას ინარჩუნებს. გიგანტური ინგლისური მასტიფის წონა 128 კგ, ხოლო კისრის გარშემოწერილობა 1 მ-ია, არადა, ის ჯერ მხოლოდ 4 წლისაა. "ჰერკის ყოველთვის უყვარდა ჭამა და ძილი. მისთვის სპეციალური დიეტა არ შემირჩევია, ჩვეულებრივად ვკვებავ, ის კი იზრდება და იზრდება", - აცხადებს ძაღლის პატრონი მისტერ ფლინი, რომელიც პროფესიონალი ბოდიბილდერია. ამიტომ სპეციალისტები ეჭვობენ, რომ შესაძლოა, ეშმაკ კულტურისტს თავისი "ჰერკი"” ცილოვან და ჰორმონულ დიეტაზე ჰყავდეს...

ალაბამას ტყეში უზარმაზარი გარეული ღორი 11 წლის ბიჭუნამ, ჯეიმისონ სტოუნმა მოკლა. 2.84 მ სიგრძის მონსტრი 477 კგ-ს იწონიდა. მონადირეების თქმით, მანამდე მსგავსი არაფერი უნახავთ და ეს ღორი გაცილებით დიდია 2004 წელს სამხრეთ ჯორჯიაში მოკლულ გოლიათ ტახზე, რომელსაც "გოძილა" უწოდეს. აღსანიშნავია, რომ ბავშვმა უზარმაზარ ცხოველს "სმითი და ვენსონი-500" რევოლვერის 8 ტყვია ესროლა. ღორი სიკვდილს 3 საათს ებრძოდა.