ჯენიფერის ბედნიერი ვარსკვლავი - კვირის პალიტრა

ჯენიფერის ბედნიერი ვარსკვლავი

მომღერალსა და მსახიობ ჯენიფერ ლოპესს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. დიდების ხეივანი 1958 წლიდან არსებობს და ლოპესის ვარსკვლავი აქ რიგით 2500-ეა. ჯენიფერი ამ მრგვალი ციფრით განსაკუთრებით აღფრთოვანებულია.

43 წლის მეგავარსკვლავმა ასეთი პატივი ნამდვილად დაიმსახურა - ის 7 სრული ალბომის ავტორია, რომელთა საერთო ტირაჟმა 80 მლნ-ს გადააჭარბა. ამას გარდა, ჯენიფერის ფილმოგრაფია 20-ზე მეტ ნამუშევარს მოითვლის. არანაკლებ სასახელოა, რომ ის, როგორც მსახიობი, "ოქროს გლობუსის" ნომინანტადაც იყო დასახელებული. ჯენიფერს ამჟამად ტელეგადაცემა მიჰყავს და ყველაფერთან ერთად პარფიუმერიისა და საკოლექციო ტანსაცმლის საკუთარი ხაზიც აქვს...

ლოპესის ვარსკვლავის გახსნას შოუბიზნესის წარმომადგენლებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების გარდა  მისი ტყუპი შვილები - მაქსი და ემა და მეგობარი - კასპერ სმარტი დაესწრნენ.

ცერემონიაზე მისალოცად რეჟისორი გრეგორი ნავაც მივიდა, რომლის ფილმშიც ლოპესმა პირველი სერიოზული როლი ითამაშა - "ჯენიფერი ყველაზე შრომისმოყვარეა იმ ვარსკვლავებს შორის, რომელთანაც მიმუშავია. ლოპესს პირველად რომ შევხვდი, მითხრა, - ვაპირებ პირველი ლათინურამერიკელი სუპერვარსკვლავი გავხდეო. ვიფიქრე, რომ ოცნება ოცნებად დარჩებოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, სხვებისთვის შეიძლება ბევრი რამ შეუძლებელია, მაგრამ არა ჯენიფერისთვის", - თქვა ნავამ.

ბედნიერმა ჯეი ლომ კი ცრემლები ვერ შეიკავა და საქვეყნოდ  განაცხადა, - ეს დღე საუკეთესოა ჩემს ცხოვრებაშიო.