"იმერელი უფლისწული"
14-12-2009
დემეტრეს სახელი კი ჰქონდა მეფური, მაგრამ გვარიშვილობისა რა მოგახსენოთ: ღატაკი გლეხის შთამომავალი გახლდათ. ნაჩუქარი სამიანებით გადაჰყავდათ კლასიდან კლასში მასწავლებლებს, მერე კი შეაჩეჩეს ხელში რვა კლასის დამთავრების ატესტატი და გზა დაულოცეს:
- სადაც გინდა, იქ იყავი და კარგადაც გამყოფოს ღმერთმა, ოღონდ სკოლისგან შორსო!..
მშობლებმა ქუთაისში პროფტექნიკურ სასწავლებელში მიაბარეს ცნობილ თერძს, - ვასოს. ვასოს ოჯახი არ ჰყავდა. კოჭლი და შეუხედავი იყო და არ დაქორწინებულა, მაგრამ გული უკვდებოდა, რომ უშვილძიროდ უნდა გადაგებულიყო... სოფლიდან
ჩამოსული დემეტრე, რომელსაც ღამის გასათევიც არ ჰქონდა ქალაქში, თავიდანვე შეიყვარა. 16 წლის ბიჭი ჩუმად მონათლა. ვასო მხსნელად მოევლინა ბიჭს, რომელსაც ჭერიც მისცა, ლუკმაც გაუყო და რაც მთავარია, გასაქანი არ მისცა მის სიზარმაცეს: არც ხელობის სწავლა უნდოდა და ცდილობდა ოსტატის გაკვეთილებს გაჰქცეოდა, მაგრამ არ გაუვიდა, ვერ
მოერია უბრალო მკერავს, რომელიც ბრძენის შესაფერისად მსჯელობდა:
- თუ ხელობა იცი, პროფესორის ცოდნას უტოლდებაო!..
მოკლედ, რაც იცოდა, ყველაფერი ასწავლა და მეტიც: ერთ დღეს ჩოხა შეუკერა, ჩააცვა, თან გვერდით ამოიყენა და დაწვრილებით აუხსნა ქართული სამოსის კერვის საიდუმლო.
ამჯერადაც სცადა დემეტრემ გაპროტესტება:
- რა დროს ჩოხაა, ან შესაკერად ვინ დამიკვეთს, არ დაგვიჭირონ კომუნისტებმაო!
თეთრი ჩოხა რომ მოირგო, მამა-პაპისგან მემკვიდრეობით მიღებული ქამარ-ხანჯალიც შეაბა წელზე ოსტატმა ბიჭს, რომელიც გაოცებული უცქეროდა სარკეში საკუთარ ორეულს.
- ნამდვილ უფლისწულს ჰგავხარო, ოსტატმა!
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა.
დაინგრა კომუნისტების მიერ შეკოწიწებული ქვეყანა და დემეტრეც უმუშევარი დარჩა. ძალიან გაუჭირდა, ბუნებრივია. ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდ მშიერი არ მომკვდარიყო. დედაქალაქამდე ჩააღწია და ვიღაცის კერძო სასტუმროში დაიწყო მუშაობა ღამის დაცვაში. იქ გაიცნო ამერიკელი ტურისტი, რომელიც პირველად იყო საქართველოში და უკვირდა, - ეს რა ვნახეო! ჩოხის ყიდვაც მოინდომა, მაგრამ თავის ზომას ვერსად წააწყდა. მე შეგიკერავთო,  - გაბედა დემეტრემ და თანხმობაც მიიღო. ერთად აირჩიეს ნაჭერი. ორი კვირის შემდეგ დემეტრეს ნახელავი ჩოხა რომ მოირგო, ულაპარაკოდ ჩაუკუჭა ჯიბეში ათასი დოლარი... პირველი, ძია ვასოს საფლავს მიხედა, ქვაც დაუდგა და და ჯვარიც... მერე ეკლესიას შესწირა ფულის ნაწილი... ჯერ საქართველოში გაუვარდა ჩინებული მკერავი-დიზაინერის სახელი, მერე იმ ამერიკელმა გამოუგზავნა ვიზა, რომელსაც ქართველ ქალზე მოესწრო დაქორწინება, ორი ბიჭიც გასჩენოდა და მათთვისაც უნდოდა ჩოხების შეკერვა...
ექვსი თვით გაემგზავრა დემეტრე ამერიკაში და ათი წელია იქაა. იმ ამერიკელის ქართველ ცოლთან ერთად გახსნა სალონი, რომელსაც ოქროსფერი ასოებით წააწერა: "იმერელი უფლისწული"...
შეამჩნიეთ ალბათ, დემეტრეს გვარი ერთხელაც არ მიხსენებია და ეს იმიტომ არ მომხდარა, რომ მალავს თავის გლეხურ წარმომავლობას: პირიქით, ამერიკაში გადახვეწილს ყველაფერი ქართული ენატრება და პირველ რიგში, თავისი გვარი, მაგრამ ამერიკაში გვარიშვილობა დიდად არავის აინტერესებს...
დემეტრეს თავის სალონში საპატიო ადგილზე უკიდია ძია ვასოს სურათი, რა თქმა უნდა, ისიც ჩოხაშია გადაღებული და როცა მომსვლელები ეკითხებიან:
- ეს ქართველი მეფეაო? - დაუფიქრებლად პასუხობს:
- მეფეაო!..
ამაში ამერიკელები კი არა, თვითონაც დარწმუნებულია დემეტრე, რომელმაც თავის ვაჟს თავისი გამზრდელისა და ნათლიის სახელი დაარქვა. გადაწყვეტილი აქვს, ვასო როგორც კი წამოიზრდება, გვერდით ამოიყენოს, ხელობაში გაწაფოს და სულაც არ ენაღვლება, ისწავლის თუ არა მისი შვილი ინგლისურ ანბანს.


machabeli
18 დეკემბერი 2009 02:14
გაიხარეთ, ქ-ნო ინგა.
მშვენიერი სიუჟეტია.

დადგება დრო, როცა გადახვეწილი ქართველები სამშობლოს დაუბრუნდებიან.
სულ ეს ანტიეროვნული მთავრობა არ გვეყოლება, ღვთით.
მოვა მთავრობა, რომელიც მარტო საკუთარ კეთილდღეობზე არ იქნება გაფაციცებული, არამედ ხალხის ცხოვრებას დაატყობს მზრუნველ ხელ.

და დაიწყება გადახვეწილი ქართველების შემოსვლა მონატრებულ სამშობლოში....................
საიდანაც იმიტომ გადაიხვეწნენ, რომ მომსპარი ჰქონდათ ელემენტარული ადამიანური პირობები, რაშიც იგულისხმება შრომითი შემოსავლით ოჯახის საშუალო დონეზე რჩენა.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?