მალე ველოსიპედითაც ვიფრენთ?! - კვირის პალიტრა

მალე ველოსიპედითაც ვიფრენთ?!

ჩეხური კომპანიები - Duratec, Technodat-ი და ფრანგული კომპანია Dassault System-ი აღარ ხუმრობენ - მათ პრაღაში წარმოადგინეს მფრინავი ველოსიპედის საცდელი ნიმუში, რომელიც ყოველდღიური გადაადგილებისთვის იქნება განკუთვნილი! უსაფრთხოების დასაცავად მფრინავმა ველოსიპედმა რამდენიმე წუთი ჯერ მანეკენთან ერთად იფრინა დისტანციური მართვის პულტით. მძიმე სამთო ველოსიპედის მსგავსი ნაკეთობა 95 კგ-ს იწონის. მას ელექტროძრავით მომუშავე ორი დიდი ვერტიკალური პროპელერი აქვს წინა და უკანა ბორბლების თავზე და ორი მომცრო - გვერდებზე. კვების ბატარეები ბორბლებს შორისაა მოთავსებული. "ადამიანი მანეკენზე მძიმეა და რომ იფრინოს, კიდევ უფრო მძლავრი ბატარეებია საჭირო. რეალური მგზავრებისთვის მფრინავი ველოსიპედის სერიული გამოშვება წლის ბოლოს დაიწყება. ის ჯერჯერობით არა უმეტეს 73 კგ წონის ადამიანზე იქნება ნაანგარიშები", - ამბობს პროექტის მენეჯერი, Duratec Bicycles-ის დირექტორი მილან დუჩეკი.