პირველი რობოტი-ასტრონავტი კირობო - კვირის პალიტრა

პირველი რობოტი-ასტრონავტი კირობო

ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერმა, ტომოტაკა ტაკაჰაშიმ მსოფლიოს წარუდგინა პირველი ასტრონავტი რობოტი კირობო, რომელიც 4 აგვისტოს კოსმოდრომ "ტენეგასიმადან" გაფრინდება და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ კოსმონავტებს შეუერთდება! მასთან ერთად "კიბორობოტ პროექტის" სპეციალისტებმა წარადგინეს კირობოს დუბლიორი და "მეგობარი" მირატა, რომელიც მას მიწიდან "დაეხმარება".

"პირველი ადამიანი კოსმოსში რუსეთმა გაგზავნა, ამერიკამ მთვარე პირველმა დაიპყრო, იაპონია კი იქნება პირველი, ვინც კოსმოსში რობოტ-ასტრონავტს გაგზავნის", - განაცხადა ტაკაჰაშიმ.

კირობო სადგურზე დიდ ადგილს არ დაიჭერს - სიმაღლით 34 სმ-ია და 1 კგ-ს იწონის. მას არ დაევალება ფიზიკური სამუშაოს შესრულება - მისი მიზანი ასტრონავტებისთვის სტრესული სიტუაციების შერბილებაა. კირობო მათთან სასაუბროდაა შექმნილი - პასუხობს კითხვებზე და რეაგირებს ბრძანებებზე. ჯერჯერობით ის მხოლოდ იაპონურ ენაზე ლაპარაკობს და ამიტომ მისი პირველი თანამოსაუბრე ჯერ მხოლოდ იაპონელი ასტრონავტი კოიჩი ვაკატა იქნება. თუმცა რობოტი უწყვეტად განაგრძობს თვითგანათლებას - მას არა მარტო სხვა ენების სწავლა, საუბრიდან მისთვის გამოსაყენებელი ნებისმიერი ინფორმაციის ათვისებაც შეუძლია!

პრეზენტაციაზე, შეკითხვას, - რაზე ოცნებობო, რობოტმა უპასუხა, - ვოცნებობ იმ დროზე, როცა ადამიანები და რობოტები პატივისცემით მოეკიდებიან ერთმანეთს და თანაცხოვრებას შეძლებენო.