იოჰანეს სტროეტერი - ბოდიპეინტის მაესტრო
15-07-2013
იოჰანეს სტროეტერი - ბოდიპეინტის მაესტრო
35 წლის ჰოლანდიელი იოჰანეს სტროეტერი ბოდიპეინტში 2012 წლის მსოფლიო ჩემპიონია, თუმცა სპორტსმენი კი არა, ხელოვანია. სტროეტერის ფუნჯის ძალა მითურ ღმერთებსაც კი შეშურდებოდათ - იგი ცოცხალ ადამიანებს უსულო ნივთებად აქცევს. მისი შთაგონების წყარო ბუნებაა. ამ სტილში მისი პირველი შედევრი ტროპიკული ადამიანი-ბაყაყი გახლდათ - ხუთი ადამიანის მიერ "შედგენილი" ულამაზესი ამფიბია. თითოეულ ნახატს სტროეტერი 5 თვეზე მეტხანს გეგმავს, ხატვას 8 საათამდე უნდება, ბოლოს კი საკუთარ შედევრს სურათს უღებს. "ბოდიპეინტი იმით არის განსაკუთრებული, რომ
თავად ნახატი ცოცხალია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და შეუძლია, იმოძრაოს. კანი ერთობ კომფორტული ზედაპირია სახატავად, მაგრამ მთავარი მაინც ჟინი და განსაკუთრებულის შექმნის წყურვილია. საათობით ვაკვირდები ამა თუ იმ მცენარესა თუ ცხოველს, მათ ფერთა გამას, სანამ არ მივხვდები, რა უნდა გავაკეთო. გასაკეთებელი კი არასდროს მელევა, რადგან
ბუნების ფანტაზია ამ მხრივ ნამდვილად უშრეტია", - აცხადებს იოჰანესი, რომელიც არც ნატურის სიმცირეს უჩივის და კლიენტებიც ბლომად ჰყავს, - მისი უკანასკნელი ნამუშევრების ამსახველი ფოტოგრაფიები ათიათასობით ევროდ გაიყიდა, მისი გამოფენები კი ხალხს ვეღარ იტევს.

რედაქტორის რჩევით