"მაქსიმუსის" გზა - 3-ჯერ დედამიწის გარშემო - კვირის პალიტრა

"მაქსიმუსის" გზა - 3-ჯერ დედამიწის გარშემო

ინგლისელი რობი დევისი განსაკუთრებული მოთმინებით გამოირჩევა - თავისი კუს, "მაქსიმუსის", ქალაქში გასეირნებას ყოველდღიურად 4-5 საათს ანდომებს. ეს არც არის გასაკვირი - "მაქსიმუსის" მაქსიმალური სიჩქარე ხომ სულ 1,5 კმ/სთ-ია!

"მაქსიმუსი" 40 წელიწადია, ჩვენს სახლში ცხოვრობს და ოჯახის სრულუფლებიანი წევრია. მასთან ერთად გავიზარდე. თავდაპირველად  ხელისგულისოდენა იყო, ახლა კი 12 კგ-ს იწონის და კვირაში 30 კგ სალათს მიირთმევს. მაგრამ დიდხანს რომ იცოცხლოს, ყოველდღიური სეირნობა სჭირდება", - ამბობს რობი.

"დეილი მეილის" ჟურნალისტების თქმით, ასეთი ჯიშის კუ 120 წლამდე ცოცხლობს. ასე რომ, რობის კიდევ დიდხანს მოუწევს "მაქსიმუსთან" ერთად სიარული. ინგლისელი მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გათვალისწინებითა და "დეილი მეილის" გამოთვლებით, ორივე დაახლოებით 73 000 სახმელეთო მილს გაივლის, რაც დედამიწის გარშემო თითქმის 3-ჯერ შემოვლის ტოლფასია.