დიდტერფა გულთამპყრობელი - კვირის პალიტრა

დიდტერფა გულთამპყრობელი

გინესის ორმა რეკორდსმენმა გინესის წიგნისთვის ერთობლივი ინტერაქტიული პროექტი შექმნა. მსოფლიოში სიმაღლით მეორე ადამიანს, მაროკოელ იბრაჰიმ ტაკიოლას (მისი სიმაღლეა 2 მ და 43 სმ) მსოფლიოს პირველი "აყლაყუდა" - თურქი სულტან ქიოზენი სულ რაღაც 2 სანტიმეტრით უსწრებს. სამაგიეროდ, იბრაჰიმს ყველაზე დიდი ტერფები აქვს  - მისი ფეხის ზომა 56-ს უტოლდება. მსოფლიოს ყველაზე დაბალი ქალის, 60 სმ სიმაღლის ინდოელი ჯიოტი ამგეს ფეხის ზომა კი 16-ია, რაც ახალშობილის ტერფის ტოლია.

თუმცა, იბრაჰიმმა შეიძლება სულ მალე ყველაზე დიდტერფას წოდება დაკარგოს, რადგან 14 წლის ბრიტანელ ჯეიკ დესმონდს მასზე სულ ოთხი ზომით პატარა ფეხი აქვს, რაც სავარაუდოდ, 2 წელიწადში "გამოსწორდება" - გაიზრდება დესმონდი და პირველ ადგილს დაიკავებს.

შეიძლება იფიქროთ, რომ უზარმაზარი ტერფი ადამიანს ბევრ უხერხულობას უქმნის, მაგრამ 21 წლის ბრიტანელი კარლ გრიფიტსი (ფეხის ზომა 54) ასე სულაც არ ფიქრობს. მეტიც, როგორც ამბობს, ქალები გიჟდებიან მის უზარმაზარ ტერფებზე, სწორედ მათი წყალობით, კარლს უკვე 30-ზე მეტ გოგონასთან ჰქონდა რომანი.