"მოხითხითე მონსტრი", ანუ როგორ გავეყაროთ ქმარს "უმტკივნეულოდ" - კვირის პალიტრა

"მოხითხითე მონსტრი", ანუ როგორ გავეყაროთ ქმარს "უმტკივნეულოდ"

"არ მინდა გავცილდე და გული ვატკინო, ასე ორივესთვის უკეთესი იქნება" - ეს სიტყვები 21 წლის ჟულია შარლენმა საკუთარი 27 წლის ქმრის მოსაშორებლად დაქირავებულ მკვლელს უთხრა. თუმცა, "მკვლელი" სინამდვილეში პოლიციის დეტექტივი აღმოჩნდა და "გულისხმიერი" ცოლის შოკის მომგვრელი სიტყვებიც მთელმა ბრიტანეთმა შეიტყო. მეტიც, არსებობს ვიდეოჩანაწერიც, სადაც ნაჩვენებია, როგორ ხითხითებს შარლენი ქმრის მკვლელობის შეკვეთისას.

"აჯობებს ეს ხუთშაბათს გააკეთო, ამ დღეს ადრე ბრუნდება ხოლმე სახლში, მე კი საყიდლებზე ვიქნები გასული. ოღონდ სახლში ნუ მოკლავთ, თორემ იქაურობა დაისვრება, მე კი დალაგება ძალიან მეზარება ხოლმე. ამას გარდა, ამის გამო შეიძლება ჩემი ბოიფრენდიც აღარ გადმოვიდეს ჩემთან საცხოვრებლად, როცა ყველაფერი მორჩება. გამიგეთ, ისე კი არ არის, თითქოს მე და ჩემს ქმარს ერთმანეთი გვძულდეს, ან ცუდად მექცეოდეს. უბრალოდ, მომწყინდა მასთან, თანაც უკვე სხვა მომწონს. გაყრა კი არ მინდა, რადგან ძალიან ვუყვარვარ და გული ეტკინება, თანაც, რა აიტანს მისი და ჩემი ოჯახის საქმის გარჩევებსა და ბუზღუნს. ასე ორივესთვის უკეთესი იქნება" - ეუბნება იგი "მკვლელს", თანაც ჰპირდება, რომ კუთვნილ 50.000-ს სტერლინგს მაშინვე გადაუხდის, როგორც კი ქმრის სიკვდილის გამო დაზღვევის თანხას, 400.000-ს სტერლინგს აიღებს.

შარლენი დააკავეს და მკვლელობის მცდელობისათვის გაასამართლეს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ყველას გასაოცრად, სასამართლოზე შარლენის ქმარმა განაცხადა, რომ ცოლს დანაშაულს პატიობს და მეტიც, მზად არის შეურიგდეს, თუკი მას ციხეში არ ჩასვამენ. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, მოსამართლემ მისი თხოვნა არ გაითვალისწინა და 21 წლის ჟულია შარლენს, რომელიც ბრიტანეთში უკვე "მოხითხითე მონსტრად" მონათლეს, 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.