"გავიზრდები, უფრო დიდებსაც "მივხედავ" - კვირის პალიტრა

"გავიზრდები, უფრო დიდებსაც "მივხედავ"

აშშ-ის შტატ კოლორადოს მცხოვრები, 9 წლის სამანტა იანგი ბავშვობიდანვე ალიგატორებს "გაუშინაურდა", მის მშობლებს - ჯეი და ერინ იანგებს ალიგატორების მოზრდილი ფერმა აქვთ, სადაც 350 რეპტილია ბინადრობს. ალიგატორებთან ურთიერთობას მშობლები სამანტას 6 წლის ასაკიდან ასწავლიდნენ. "ჩვენთან ნებისმიერს 70 დოლარად შეუძლია სპეციალური კურსის გავლა, თუ როგორ უნდა მოიქცეს სწორად ალიგატორებთან" - აცხადებს ერინ იანგი.

"თავიდან, ცოტა არ იყოს, მეშინოდა, მაგრამ მალე მივეჩვიე - მამა სულ ჩემ გვერდით იყო და მიხსნიდა, მტაცებლის თავდასხმისთვის თავი როგორ უნდა ამერიდებინა. ჯერჯერობით,  "ჩემი" ალიგატორების სიგრძე 240 სმ-ს არ აღემატება. რომ გავიზრდები, უფრო დიდებსაც "მივხედავ" - ამბობს 9 წლის უშიშარი "მომთვინიერებელი".