სიყვარულო, ძალსა შენსა...
12-08-2013
სიყვარულო, ძალსა შენსა...
"ჩემს ბოიფრენდს შესაძლოა ერთ-ერთი უიშვიათესი დაავადება ტანჯავდეს და ქუჩაში ხალხი თვალს არიდებდეს, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვეულებრივი წყვილი ვართ და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი", - ამბობს პარაათლეტ ტომ სტენფორდის მეგობარი გოგონა, 23 წლის ელის მილერი.

24 წლის სტენფორდი ერთ-ერთი იმ რვათაგანია, რომელთაც უიშვიათესი დაავადება, მანდიბულარული ჰიპოპლაზია სჭირს, ანუ მის სხეულს ცხიმის დაგროვება არ შეუძლია. 193 სმ სიმაღლის ტომი 46 კგ-ს იწონის და ცხიმის უქონლობის გამო, ჩვეულებრივ ადამიანთან შედარებით, 40%-ით ნაკლები კუნთოვანი მასა
აქვს. თანაც მეორე ტიპის დიაბეტი აქვს, რაც უცნაურია, რადგან ამ ტიპის დიაბეტი ძირითადად სიმსუქნისკენ მიდრეკილ ადამიანებს ემართებათ. მიუხედავად ამ პრობლემებისა, ტომს ცხოვრებაზე ხელი არ ჩაუქნევია და ცდილობს, მაქსიმუმს მიაღწიოს - ჯერ წარმატებული პარაველომრბოლელი გახდა, მერე სიყვარულიც იპოვა - ის და ელისი უკვე მეორე წელია, ერთად
არიან.

"ერთმანეთი სოციალური ქსელით გავიცანით. ტომი არაჩვეულებრივი მოსაუბრე აღმოჩნდა. თავიდანვე მითხრა, რაც ჭირდა და ფოტოებიც მანახა, მაგრამ სანამ პირადად არ ვნახე, მაინც ვერ წარმომედგინა, როგორი იყო სინამდვილეში. ძალიან ვნერვიულობდი და, არ დავმალავ, თავიდან გაქცევაც კი მომინდა, მაგრამ ტომმა დამამშვიდა. ის საღამო ერთად გავატარეთ და ვისაუბრეთ. მომდევნო დღეებში კი მივხვდი, მასთან შეხვედრა ისევ მინდოდა", - ამბობს ელისი. მისი თქმით, ერთადერთი, რაც მას აწუხებს, გამვლელთა დაჟინებული და ზოგჯერ შეშფოთებული მზერაა, სხვა მხრივ კი ეს ჩვეულებრივი წყვილია. თუ იმას არ ჩავთვლით, რომ სხვა ახალგაზრდებისაგან განსხვავებით, არც ფეხით სეირნობა უყვართ და არც კლუბებში სიარული. "არ მიყვარს სიარული, დიდხანს ფეხზე დგომა ჩემი ფიზიკური კონდიციის გამო მიჭირს, - განმარტავს ტომი, - კლუბებსაც არ ვეტანები. იქ ცეკვით იქცევენ თავს, ეს კი ნამდვილად არ არის ჩემი ძლიერი მხარე". მიუხედავად ამისა, წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს: ტომს დიდი გეგმები აქვს - სურს ოლიმპიური ჩემპიონი გახდეს, ელისი კი პროფესიონალი ფსიქოლოგის კარიერისთვის ემზადება.
"ერთმანეთს უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ, - ამბობს ელისი, - შეიძლება იფიქროთ, რომ მე ტომის მომვლელის როლსაც ვითავსებ, მაგრამ ასე არ არის, მას მშვენივრად შეუძლია საკუთარ თავზე ზრუნვა. მე ისევე ვჭირდები მას, როგორც იგი მე. ჩემი მომავალი ტომის გარეშე ვერ წარმომიდგენია".

"მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი თავი ძალიან იღბლიან კაცად მიმაჩნია, რახან ელისი ვიპოვე. მეტს ვერც ვერაფერს იტყვის კაცი, თუმცა რატომაც არა: სიყვარული სასწაულებს ახდენს," - ამატებს ტომი.




nini
14 აგვისტო 2013 14:10
კარგი lalo, მთლად არ გადაირიო ეხლაა:}:}:}
lalo
13 აგვისტო 2013 17:20
გადავირიე, რა უნდა თქვას კაცმა ამ შემთხვევაში? ამ ბიჭის ცხოვრებაში უკვე მომხდარა სასწაული და რა ვიცი აბა...

რედაქტორის რჩევით