დიდ ეკრანზე - კვირის პალიტრა

დიდ ეკრანზე

ქართულ კინობაზარზე ახალი ფილმი გამოჩნდა - "90-60-90", ანუ "გოგონა სლაიდიდან". ასე ჰქვია კომედიას მელოდრამის ელემენტებით, რომელიც მაყურებელს მოდის სამყაროს ლამაზმანებსა და ერთი თავქარიანი ახალგაზრდა ბიზნესმენის რომანზე მოუთხრობს.ფილმის რეჟისორია გიგა აგლაძე. ფილმის პრემიერის შემდეგ ჩვენ რეჟისორს ვესაუბრეთ:

- გიგა, როგორ გაჩნდა ფილმის გადაღების იდეა?

- ჟურნალ "ბომონდში" იყო ასეთი რუბრიკა, "გოგონა სლაიდიდან" და იდეაც ამ რუბრიკის შთაგონებით დაიბადა. "სლაიდი" არის სამოდელო სააგენტო, დავაარსეთ კინოკომპანიაც, რომელსაც ასევე "სლაიდი" ჰქვია. მერე  ჩამოყალიბდა სცენარის ძირითადი იდეა და იმის გამო, რომ მე თითქმის არ მეცალა, სცენარი ჩემმა მეგობრებმა დაწერეს.  თავიდან გადავწყვიტეთ, რომ კომედია ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ, იმისათვის, რომ უფრო საინტერესო ყოფილიყო, მელოდრამის ელემენტებიც შევიტანეთ.

- იმის გამო, რომ მთავარი მოქმედი გმირი მამაკაცი ქალის სამოსს გადაიცვამს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფილმში გამოყენებულია "ტუტსის" სიუჟეტი.

- მხოლოდ "ტუტსიში" არ გადაიცვამს მამაკაცი ქალის სამოსს. ასეთი არის "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები მიდიან," "მისის დაუტფაირი" და სხვა.

- მთავარი გმირის შემსრულებელი ზაზა ბეგაშვილი ძალიან ჰგავს დასტინ ჰოფმანს.

- მეც, რეჟისორიც, 1980 წლიდან დასტინ ჰოფმანის გავლენას განვიცდი. ამიტომაც არის, რომ ფილმში მთავარი გმირი სწორედ ამ ფილმის ნახვის შემდეგ გადაწყვეტს, ქალივით გადაიცვას.

- მსახიობები რა პრინციპით შეარჩიეთ?

- ტიპაჟური პრინციპით, ამასთან  სამოდელო სააგენტო "სლაიდის" გოგონებიც ავიყვანე ფილმზე სამუშაოდ.

- კმაყოფილი ხართ ნამუშევრით?

- ამაზე სჯობს მაყურებელმა თქვას, ჩემს კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას, ალბათ, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ძალიან კრიტიკული ვარ ჩემი ნამუშევრის მიმართ. შემდგომში ვეცდები უკეთესი ფილმი გადავიღო. თუმც, მიმაჩნია, რომ რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ლაზათიანად ვაკეთებ.

- ამბობთ, რომ დრო არ გქონდათ, ვინ ან რა გაჩქარებდათ?

- მოთხოვნები და  გარიგება კინობაზართან, ყველას თავისი რიგი აქვს ბაზარზე, სადაც ფილმი იყიდება. უკვე გავიდა გაყიდვაში და ვფიქრობ, კარგი შედეგი გვაქვს, სტატისტიკურად საკმარისზე კარგი რეზულტატი გვაქვს.

- ფილმის პრემიერის შემდეგ თუ დაგირეკეს ისეთმა ადამიანებმა, ვის აზრსაც თქვენთვის მნიშვნელობა აქვს?

- ძალიან ბევრმა დამირეკა, მათ შორის ისეთმაც, რომ ვერ მიტანს და ფილმი დადებითად შეაფასა. აზრთა სხვადასხვაობა ყველა რეჟისორის ფილმზე არსებობს და არა მარტო ჩემს ფილმზე. ყველას კოპოლაც არ მოსწონს.