ნათია ახვლედიანის როლი ცხოვრებასა და ფილმში - კვირის პალიტრა

ნათია ახვლედიანის როლი ცხოვრებასა და ფილმში

ცხოვრებაში...

ძალიან წყნარი და ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. დავდიოდი საბავშვო ბაღში, მაგრამ არ მიყვარდა იქაურობა - იძულებითი დღის განრიგი და უგემური ბორშჩი. პატარაობისას თოვლის ბაბუის მჯეროდა. მერე გავიგე, რომ თოვლის ბაბუა გამოგონილი პერსონაჟი იყო, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მჯეროდა მისი მოსვლის.

ძალიან მიყვარდა ახალი წელი, სწორედ იმიტომაც, რომ რაც მე მინდოდა, ის საჩუქარი მოჰქონდა თოვლის ბაბუასაც.

რატომღაც ბავშვობაში სულ ბიჭის სათამაშოები მომწონდა, ვთამაშობდი მანქანებით, თოფებით. როცა წამოვიზარდე, თოჯინებიც შემიყვარდა, ვთამაშობდი დედაშვილობანას, სახლობანას და აუცილებლად ექიმობანას. დედა ექიმია, ამიტომ ექიმობანა ძალიან მომწონდა. შემდეგ იყო პირველი ექსპერიმენტული სკოლა, იქაც ჩვეულებრივი წლები გავატარე, არაფრით გამორჩეული. თუ მექნება შანსი, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპი უკან დავაბრუნო, ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება სკოლის პერიოდი.

სკოლის შემდეგ ვსწავლობდი ხელოვნების გიმნაზიაში, იქ ბევრი საინტერესო რამ შევიტყვე ხელოვნებაზე, ბევრი ვისწავლე, საინტერესო ადამიანები გავიცანი... ძალიან კარგად მახსენდება სამხატვრო აკადემიაში გატარებული სტუდენტობა. კმაყოფილი ვარ იმით, რაც ვისწავლე, იმით, ვინც გავიცანი. სიამოვნებით დავაბრუნებდი სტუდენტობას.

ბუნებით მშვიდი ვარ, არ მიზიდავს პოპულარობა. თაყვანისმცემლებისგან დიდად განებივრებული არასდროს ვყოფილვარ. ცვალებადი ხასიათი მაქვს, შეიძლება ამინდმა ან მუსიკამ რადიკალურად შემიცვალოს განწყობილება. მაქვს ჩემი ოთახი, რომელიც არ მომწონს, კედლები ატმისფერია, რასაც თეთრით სიამოვნებით შევცვლიდი. ასევე მაწუხებს ის ქაოსი, რაც ჩემი მოუცლელობის გამო ოთახში სუფევს. მომავალში მინდა მქონდეს მყუდრო და ლამაზი სახლი, რომელსაც სითბოთი და სიყვარულით შევქმნი, მინდა ვცხოვრობდე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში და მქონდეს ჩემი საპროექტო ფირმა - საინტერესო და საყვარელი საქმე მექნებოდა. ამჯერად ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობს კონკრეტული ადამიანი, ვისზეც ვფიქრობ. ჯერ არც სახელი აქვს ურთიერთობას და არც მომავალი დამიგეგმავს, უბრალოდ, ის ჩემს ცხოვრებაშია... ჩვენ სხვადასხვა პროფესიის ვართ, მიხარია, რომ კარგად ერკვევა ხელოვნებაში, მიგებს და ვუგებ...

მალე იტალიაში გავემგზავრები ერთი წლით. მეგობარმა შემომთავაზა, სასწავლებლად მივდივარ და შენც წამოდიო. საბუთები გადავუგზავნე და დადებითი პასუხი მივიღე.

ფილმში...

რეჟისორ გიგა აგლაძის ფილმში "გოგონა სლაიდიდან" ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებ. ეს ჩემი ცხოვრების სასიამოვნო პერიოდია. არ ვიცი, მომავალში რა იქნება, მაგრამ ახლა ეს მომწონს. ფილმში შემთხვევით მოვხვდი. მეგობარი მივიდა სამოდელო სააგენტო "სლაიდში" და ერთხელ მეც გავყევი. მოდელობა ჩემთვის მეორეხარისხოვანი იყო, დღესაც ასეა, მაინტერესებს ფილმი და არქიტექტურა. მიხარია, სააგენტოში რომ მივედი, რადგან იქ გავიცანი გიგა აგლაძე, რომელმაც შემდეგ ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი შემომთავაზა. თამაში არ გამჭირვებია, ალბათ, იმის გამო, რომ რთულად შესასრულებელი არ არის. არ მომწონს, როდესაც ჩემს თავს ვუყურებ ეკრანზე, საკუთარ თავს თითქოს ვერ ვცნობ.

ფილმის გადაღებები დასრულდა და ჩვეულებრივ ცხოვრებას დავუბრუნდი. ჩემი ხასიათის გამო არ მინდა არც ცნობილი მსახიობობა და არც ეს თავბრუდამხვევი სიტუაციები.