რაშზე ამხედრებული - კვირის პალიტრა

რაშზე ამხედრებული

ლეგენდარული ბრენდის, Burberry-ის ისტორია 1856 წელს ჰემპშირის საგრაფოს პატარა ქალაქ ბეისინგსტოკში დაიწყო. სწორედ იქ გახსნა პირველი მზა ტანსაცმლის

მაღაზია 21 წლის თომას ბარბერიმ 1879 წელს, დაამუშავა წყალგაუმტარი ქსოვილის ტექნოლოგია, რომელსაც "გაბარდინი" უწოდა. გაბარდინისგან შეკერილმა სამოსმა ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, განსაკუთრებით კი მოგზაურებსა და სპორტსმენებში.

პირველი მსოფლიო ომის დროს თომას ბარბერიმ ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების დაკვეთით დაამუშავა სუპერწყალგაუმტარი ლაბადა. ამ დაკვეთამ ფირმის მეპატრონეს მილიონები მოუტანა და Burberry-ის მარკამ სწრაფად იწყო განვითარება. მანამდე თომას ბარბერიმ სამხედრო სამინისტროსგან მსხვილი შეკვეთა მიიღო, უნდა შეექმნა ოფიცრის სრულყოფილი ფორმა. სწორედ მაშინ მოიფიქრა ბარბერიმ და ფორმის ტანსაცმელს მიაკრა საფირმო-სავაჭრო ნიშანი - ცხენზე ამხედრებული რაინდი დროშის ფონზე, რომელსაც ამშვენებდა წარწერა "Prorsum", რაც ლათინურად "წინსვლას" ნიშნავს.

გასული საუკუნის ოციან წლებში, ლაბადის სარჩული უჯრებიანი გახადეს, რაც Burberry-ის საფირმო ნიშნად იქცა.

ბარბერების ოჯახის უკანასკნელმა წევრმა, ალფრედ ბრაიენმა, კომპანია 1956 წელს დატოვა და ოჯახური საწარმო გადავიდა ლორდ დევიდ უოლფსონის მფლობელობაში, მაგრამ ფირმის იმიჯი - წმინდა ბრიტანული და ძალიან კონსერვატიული, არ შეცვლილა. 1998 წელს ლორდმა უოლფსონმა იტალიელ დიზაინერ რობერტო მენიჩეტისთან ერთად ახლებურად წარმოაჩინა "ბარბერის" ტრადიციული კუბოკრული სამოსი.

2001 წელს მენიჩეტი შეცვალა კრისტოფერ ბეილიმ, რომელიც მანამდე Gucci-ს მოდის სახლის ქალების ტანსაცმლის მთავარი დიზაინერი იყო.

Burberry London-ის კოლექციის საფუძველი გახლავთ კერვის ინგლისური ტრადიცია და ბრენდის ისტორია. ჯინსი, სპორტული მაისური, სვიტერი, ფეხსაცმელი, ხელჩანთა და პატარა ქვედაკაბა - Burberry London-ის კლასიკური ხაზიდან ამ სახლის სავიზიტო ბარათია. ამას გარდა, კომპანია ამუშავებს ახალ ხაზს: საბავშვო და საყმაწვილო ტანსაცმელს, საათებს, სათვალეს, აქსესუარებსა და პარფიუმერიას.

2006 წელს Burberry-ის მარკამ დაარსებიდან 150 წელი აღნიშნა.