დავაქორწინეთ, მააშ! - კვირის პალიტრა

დავაქორწინეთ, მააშ!

საოცარი შემთხვევა მოხდა ინგლისის ქალაქ შრუსბერიში: ძაღლებმა პატრონები ერთმანეთზე დააქორწინეს. 50 წლის კლერ ჯონსონმა მხედველობა 24 წლის ასაკში დაკარგა. ერთი წლის წინ მან ე.წ. ბრმების გამძღოლი ძაღლის კურსებზე თავისი ძაღლი ვენისი მიიყვანა. ზუსტად ამ დროს მიიყვანა კურსებზე საკუთარი ძაღლი როდი უსინათლო 52 წლის მარკ გეფიმაც... ისინი ერთმანეთს ვერასდროს გაიცნობდნენ, რომ არა ვენისისა და როდის გასაოცარი ურთიერთობა! მრავლისმნახველი კინოლოგებიც კი გაოცებული დარჩნენ, როდესაც სწავლების პირველი დღიდან ორივე ძაღლი ძალიან მიეჯაჭვა ერთმანეთს. "მწვრთნელები ხშირად მეუბნებოდნენ, რომ მეცადინეობის დროს ვენისი და როდი სულ ერთად არიან და გამუდმებით ცხვირებით ეხებიან ერთმანეთს, ნამდვილად შეუყვარდათ ერთმანეთიო", - იხსენებს მარკი.

ძაღლების განუყრელი მეგობრობა გახდა მიზეზი, რომ კლერმა მისი საყვარელი ძაღლის მეგობრის პატრონის გაცნობა ისურვა, ხოლო ორკვირიანი კურსების დასრულების შემდეგ მარკს ერთად ყავის დალევა შესთავაზა. "ჩვენი პირველი შეხვედრა საოცარი იყო, ლაპარაკით ვერ ვძღებოდით.  ბოლოს, მივხვდით, რომ რამდენიმე საათითაც აღარ გვსურდა დაშორება", - ამბობს კლერი. "ჩვენი ერთობლივი სადილები და ვახშმები სულ უფრო  ხანგრძლივი ხდებოდა, მიმტანებს ხშირად უწევდათ შეხსენება, რომ, დაწესებულება იკეტებოდა", - ღიმილით დასძენს მარკი, რომელმაც ნაცნობობის 11 თვის თავზე კლერს გული და ხელი შესთავაზა.