გამარჯვებული შავკანიანი - კვირის პალიტრა

გამარჯვებული შავკანიანი

1962 წელს შავკანიანმა მოქალაქემ,  ჯარმოვლილმა და კოლეჯდამთავრებულმა 29 წლის ჯეიმს მერედიტმა მისისიპის უნივერსიტეტს მიმართა თავისი კონსტიტუციური უფლების განსახორციელებლად - დარეგისტრირებულიყო სტუდენტად. იმ დროისთვის ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა ამერიკის ისტორიაში, როცა "მონების შთამომავალმა" მსგავსი რამ გაბედა.

მიუხედავად იმისა, რომ მერედიტის მხარეს დადგნენ პრეზიდენტი, უზენაესი სასამართლო და იუსტიციის სამინისტრო, ამასთან, პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ სპეციალური ბრძანებულებაც კი გამოსცა, რომ მერედი¬ტი უნივერსიტეტში დაეშვათ, შტატის ხელისუფლებამ კატეგორიული უარი განაცხადა პრეზიდენტის ბრძანებულების შესრულებაზე.

1962 წლის 30 სექტემბერს მერედიტი ხელისუფლების წარმომადგენლების თანხლებით, პოლიციისა და სამხედროების დაცვის ქვეშ უნივერსიტეტში უნდა შეეყვანათ, რამაც თეთრკანიანთა უდიდესი უკმაყოფილება გამოიწვია. რეგიონში დაიწყო შავკანიანების მასობრივი ცემა.

კენედი იძულებული გახდა შტატში სამხედრო მდგომარეობა გამოეცხადებინა და წესრიგის აღსადგენად 30 000 მხოლოდ თეთრკანიანი ჯარისკაცი შეიყვანა. ამერიკა შეზანზარდა - შეტაკება 14 საათს გრძელდებოდა, დაიღუპა 2, დაიჭრა 375 ადამიანი.

მერედიტი სტუდენტი მაინც გახდა, მაგრამ სხვა სტუდენტებმა და პედაგოგებმა ბოიკოტი გამოუცხადეს - საერთო საცხოვრებელში, სასადილოში, ლექციებზე... სადაც გამოჩნდებოდა, ზურგს აქცევდნენ.

ამის მიუხედავად, ჯიუტმა მერედიტმა მისისიპის უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა, შემდეგ კი კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩააბარა და ბაკალავრიც გახდა სამართლის დარგში..

მერედიტი გახდა ადამიანი, რომელმაც თავისი შეუპოვრობით შეცვალა ამერიკა - 2002 წელს "დესეგრაგაციის" 40 წლისთავის აღსანიშნავად, მისისიპის უნივერსიტეტმა კურსდამთავრებული ჯეიმს მერედიტი ყველაზე საპატიო სტუმრად მიიწვია.