ისევ პატრონმა უშველა
26-08-2013
ისევ პატრონმა უშველა
ეს ამბავი ინგლისში მოხდა. გეილ ფრეიზერი თავის 5 წლის ჯეკ-რასელ-ტერიერთან - საყვარელ ლულუსთან ერთად სეირნობდა თავისი სოფლის, დორნის, ქუჩებში. მოულოდნელად ტერიერს თითქოს მიწამ უყო პირი... თურმე ლულუ ავტოსადგომის მახლობლად გაუქმებულ სადრენაჟო მილში შეძვრა, დაგროვილმა შლამმა ხელი შეუშალა და უკან ვეღარ გამოძვრა. მისი ყეფა სულ უფრო შორიდან ისმოდა. შეშინებულმა გეილმა რჩევისთვის ცხოველთა დაცვის სამეფო საზოგადოებაში დარეკა, სადაც უთხრეს, თუ ლულუს ყეფა ისმის, შესაძლოა, თავად გამოძვრეს და დაელოდეთო. მიწისქვეშეთში გაჩხერილი ტერიერი 4
დღეს განუწყვეტლივ ყეფდა და პატრონი იმ ადგილს, სადაც საყვარელი ლულუ ეგულებოდა, წამითაც არ მოშორებია! 

ბოლოს, ქალმა გადაწყვიტა, თავად ეშველა განწირული ძაღლისთვის: ექსკავატორი იქირავა და სოფლის მეხანძრეებს დახმარება სთხოვა. 5-კაციანი სამაშველო ოპერაცია მეხანძრეთა უფროსის, დაგ გრუჩის ხელმძღვანელობით, 6 საათს გაგრძელდა და ლულუს გათავისუფლებით დასრულდა. ანალოგიური შემთხვევის
თავიდან ასაცილებლად, მეხანძრეებმა გაუქმებული მილი ამოქოლეს. "მეხანძრეებმა ბრწყინვალედ იმუშავეს, რა კარგია, რომ ჩვენთან ასეთი შესანიშნავი ადამიანები არსებობენ", - თქვა ბედნიერებისგან აცრემლებულმა გეილმა.    

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით