მოვიდა თოლია, დახვდა ტუპიკი - კვირის პალიტრა

მოვიდა თოლია, დახვდა ტუპიკი

თოლიების თავხედობა კარგადაა ცნობილი, ისინი არა მარტო ფრინველებს, კატებსა და ძაღლებსაც ჩაგრავენ და საჭმელს ართმევენ. ბევრ საზღვაო კურორტზე კი ადამიანის ხელიდან სასუსნავის გატაცებაზეც არ ამბობენ უარს. ამიტომ ველური ბუნების ფოტოგრაფ კალუმ კერს არ გაჰკვირვებია, როდესაც შოტლანდიის კუნძულ ფარნზე თოლიები თევზის წასართმევად შედარებით მომცრო ზღვის ფრინველს - გრძელ წითელნისკარტა ატლანტიკურ ტუპიკს ერთბაშად დაესხნენ თავს.

"ტუპიკს რამდენიმე ლიფსიტა მშიერი ბარტყებისთვის მიჰქონდა, როდესაც თოლიები  დაესივნენ. მაგრამ ტუპიკი ნამდვილი მეომარი გამოდგა - მძლავრი ნისკარტიდან თევზები ვერაფრით გააგდებინეს! ძალიან გამიხარდა, როდესაც წითელნისკარტასთან ვერას გახდნენ. მე სწორედ ტუპიკების გადასაღებად დავდივარ კუნძულზე, ვუთვალთვალებ, როგორ თევზაობენ და ბრუნდებიან სავსე ნისკარტებით ბარტყების გამოსაკვებად. გზაზე მათ თოლიები ხშირად "აყაჩაღებენ~, მაგრამ ეს ტუპიკი კერკეტი კაკალი გამოდგა~, - თქვა კალუმ კერიმ.