მკვლელი სპილო - კვირის პალიტრა

მკვლელი სპილო

ნეპალში მონადირეები ეძებენ უზარმაზარ სპილოს, რომელმაც 11 ადამიანი გადაქელა, მათ შორის 2 ქალი და ერთიც 7 წლის გოგონა. ეჭვობენ, რომ მკვლელი-სპილო ნეპალში ინდოეთიდან შემოვიდა. როგორც ჩანს, მან მშვიდად, ბილიკ-ბილიკ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. ადგილობრივმა მოსახლეობამ ეს ცხოველი სიბრძნისა და ბარაქის სპილოსთავიანი ღმერთის, ჰანეშას განსხეულებად ჩათვალა. ამიტომაც იყო, ერთ-ერთი ყმაწვილი უშიშრად რომ მიეახლა ღვთაებად აღქმულ უზარმაზარ ცხოველს ყვავილების გირლანდებით, მაგრამ საჩუქრის გადაცემა ვერ მოასწრო, - სპილომ ხორთუმით აიტაცა და მიწას დაახეთქა. ეს პირველი მსხვერპლი იყო, რომელსაც კიდევ 10 მიემატა...

ამ სისხლიანი მკვლელობების შემდეგ მახლობელი სოფლების მოსახლეობამ სპილოს მკვლელი-ურჩხული უწოდა. მისგან თავის დაცვას ცდილობდნენ კვამლით, სატკაცუნებითა და დოლის ბრახაბრუხით. ასევე მოუწოდებდნენ სოფლების მკვიდრთ, მარტო არ წასულიყვნენ ტყეში.

ხალხის დასახმარებლად მთავრობამაც გამოიღო ხელი. მეტყევეებს დაავალეს ჯუნგლებში შემალული საშიში ცხოველის პოვნა.

"ჩვენ არ ვაპირებთ ამ განრისხებული სპილოს მოკვლას, რადგან მას ველური ბუნების საერთაშორისო კონვენცია იცავს", - განაცხადა ადგილობრივი სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ. ნეპალელ მოხელეს იმედი აქვს, რომ ადრე თუ გვიან სპილო თავის "სამშობლოში" დაბრუნდება.

ცნობისათვის: "სპილოების დაცვის შესახებ" საერთაშორისო კანონის გარდა ნეპალს საკუთარი იურიდიული ნორმებიც გააჩნია, რომლის მიხედვითაც უზარმაზარ ცხოველებზე ნადირობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ საამისოდ გაიცემა ქვეყნის მიწისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს ნებართვა.