კაშალოტებს მყვინთავების "დაავადება" არ ემართებათ - კვირის პალიტრა

კაშალოტებს მყვინთავების "დაავადება" არ ემართებათ

მას შემდეგ, რაც ვეშაპებზე ნადირობა დაიწყეს, ადამიანები განსაკუთრებით კაშალოტებით დაინტერესდნენ. სწორედ ამ გიგანტური - 20 მეტრი სიგრძისა და 70-ტონიანი ცხოველისგან მოიპოვებდნენ არა მარტო დიდი რაოდენობით ხორცსა და ქონს, არამედ კიდევ ორ ძვირფას და შეუცვლელ საპარფიუმერიო ნედლეულს: კაშალოტის კუჭ-ნაწლავში წარმოქმნილ მუშკსა და მისი უზარმაზარი თავის უკანა ნაწილში არსებულ ცვილისებურ ნივთიერებას - სპერმაცეტს. ამჟამად კაშალოტებზე ნადირობა აკრძალულია.

კარგადაა ცნობილი, რომ კაშალოტები 500-1000 მეტრ სიღრმეზე ნადირობენ. თავის დროზე, ასობით კაშალოტის კუჭის შიგთავსის გამოკვლევისას გაირკვა, რომ მისი საკვების 90% კალმარებია, 5% რვაფეხები და 5%-თევზები. განსაკუთრებული "სასუსნავის" - გიგანტური კალმარების მოსანადირებლად კაშალოტები 2 კილომეტრ სიღრმეზეც ჩადიან. მართალია, ნადირობა ხანდახან ფიცხელ ბრძოლაში გადაიზრდება ხოლმე, მაგრამ ყოველთვის კაშალოტის გამარჯვებით მთავრდება. ერთი ეგ არის, შესაძლოა, კაშალოტს სხეულზე კალმარის საშინელი საცეცებისგან კვალი დარჩეს. ყოფილა შემთხვევები,  როცა წყლის ზედაპირზე ამოსულ კაშალოტს მონადირებული გიგანტური კალმარის საცეცები ჯერ კიდევ პირიდან ჰქონდა გამოჩრილი.

მიუხედავად იმისა, რომ კაშალოტები ძალიან ღრმად, უზარმაზარი წნევის ქვეშ უკვე მილიონობით წელია ყვინთავენ, ზუსტადაა დადგენილი, რომ მათ“მყვინთავების (ანუ კესონური) დაავადება არ ემართებათ!

მყვინთავები დიდ სიღრმეზე (ზღვარი ადამიანისთვის დაახლოებით 100 მეტრს შეადგენს) მუშაობის შემდეგ, პროფესიული დაავადების თავიდან ასაცილებლად ზედაპირზე ნელ-ნელა, სპეციალური გრაფიკით ამოდიან: მაღალი წნევის პირობებში სუნთქვისას მყვინთავის სისხლში ჰაერიდან გადადის მასში არსებული აზოტი (ჰაერში აზოტის შემცველობა 70%-ია) და წარმოიქმნება აზოტის ბუშტუკები, რომლებიც ზედაპირზე  სწრაფად ამოსვლისას ვერ ასწრებს დაშლას და სისხლძარღვთა დაცობა-დაზიანებას იწვევს. ეს კი საშინელი ტკივილისა და ხშირად სიკვდილის მიზეზი ხდება.

ახლახან 331 ნამარხი კაშალოტის ძვლების შესწავლისას კი გაირკვა, რომ კაშალოტებს მილიონობით წლის წინ კესონური დაავადება სწორედაც რომ ემართებოდათ და ხშირად იღუპებოდნენ კიდეც! თუმცა შემდგომ მათ "შეიმუშავეს" ორი "მეთოდი", რის შემდეგაც ეს დაავადება აღარასდროს ემართებათ.

პირველ შემთხვევაში კაშალოტები ღრმა ჩასუნთქვისა და დიდ სიღრმეზე ჩაშვების შემდეგ, ზედაპირზე მყვინთავის მსგავსად, ნელ-ნელა, "გრაფიკის დაცვით" ამოდიან; ანუ "ამოსვლის გრაფიკი" მათ ადამიანებამდე სულ რაღაც მილიონი წლით ადრე აღმოაჩინეს.

მეორე შემთხვევაში კი კაშალოტებმა მეთოდი“გააუმჯობესეს: ჩაყვინთვის წინ ღრმად კი არ ჩაისუნთქავენ, არამედ პირიქით, ბოლომდე ამოისუნთქავენ და ორგანიზმს მთლიანად ათავისუფლებენ ჰაერისა და მასში შემავალი აზოტისგან, რაც შეუძლებელს ხდის კესონური დაავადების წარმოქმნას. მართალია, ამ შემთხვევაში წყალქვეშ ყოფნის დრო მცირდება, მაგრამ კაშალოტი "თანახმაა", - ამ დროს ის ხომ სიღმიდან მაქსიმალურად სწრაფად ამოდის.