გაუჩინარებული მატარებელი - კვირის პალიტრა

გაუჩინარებული მატარებელი

არავინ იცის, რა ხდებოდა მატარებელში მაშინ, როცა ის იმ დროისთვის ყველაზე გრძელ გვირაბს მიუახლოვდა...

1911 წლის 14 ივლისს რომის რკინიგზის სადგურიდან მდიდარი იტალიელებით სავსე მატარებელი დაიძრა - ისინი სასეირნოდ მიემართებოდნენ მეტად საინტერესო "კრუიზში". მხიარული მგზავრები გულითადად საუბრობდნენ, მატარებლიდან ქალაქის ღირსშესანიშნაობებს უცქერდნენ და ერთმანეთს საქმიან წინადადებებს სთავაზობდნენ. არავინ იცის, რა ხდებოდა მატარებელში მაშინ, როცა ის იმ დროისთვის ყველაზე გრძელ, კილომეტრიან გვირაბს მიუახლოვდა, თუმცა, ფაქტია, როცა გვირაბში მიიმალა, მდიდარი მგზავრების ხმაური სამუდამოდ შეწყდა, - მატარებელი გვირაბის მეორე მხარეს არასოდეს გამოჩენილა... გაოგნებულმა რკინიგზის მუშაკებმა მატარებლის გვირაბში ჩაკარგვა დააფიქსირეს თუ არა, განგაში ატეხეს! გვირაბი საგულდაგულოდ მოჩხრიკეს, გზადაგზა უმცირეს წვრილმანებსაც კი ამოწმებდნენ, თუმცა იქ არათუ მატარებელი, მისი ნამსხვრევიც კი ვერსად იპოვეს - იქ მატარებლის გავლის კვალიც არ ჩანდა!

ამ საოცარმა ფაქტმა მთელი იტალია მოიცვა. ასე გაქრა იმ დღეს მატარებელი თავისი 106 მგზავრით! იტალიის მთავრობამ გზებისა და გვირაბის მიმდებარე ტერიტორიის მასობრივი დათვალიერების ბრძანება გასცა. მალე გვირაბიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით გამქრალი მატარებლის ორი შოკირებული მგზავრი იპოვეს, რომლებიც ხმის ამოღებასაც ვერ ახერხებდნენ. როცა გონს მოსვლა დაიწყეს, ეს საოცარი მოვლენა ერთნაირად აღწერეს: "გვირაბს ვუახლოვდებოდით, როცა ირგვლივ ყველაფერი რძისფერმა ნისლმა მოიცვა, რომელიც ნელ-ნელა სქელდებოდა. ბოლოს წებოვან სითხედ იქცა და გარს შემოგვერტყა. როცა გვირაბში შევედით, მატარებელში საშინელი პანიკა დაიწყო. ჩვენ ამ დროს მატარებლის ტამბურში ვიმყოფებოდით და როგორღაც მოვახერხეთ გადმოხტომა..."

მატარებელი 104 გაუჩინარებული მგზავრით აღარასოდეს გამოჩენილა. იტალიის მთავრობამ გვირაბის ჩაკეტვის ბრძანება გასცა. შეშინებულმა მოსახლეობამ კი ქვებით ამოავსო. მეორე მსოფლიო ომის დროს, გვირაბი დაბომბვამ მიწასთან გაასწორა და ამ საიდუმლოს გასაღებიც ქვესკნელში სამუდამოდ წაიყოლა...

თუ თქვენც გამხდარხართ იდუმალებით მოცული მოვლენების მოწმე, ან მოგისმენიათ უცნაური ამბები, მოგვწერეთ ჩვენს საიტზე