როდის ჩამოვლენ?!
25-10-2013
როდის ჩამოვლენ?!
"ბი-ბი-სის" "შოკის მომგვრელი კადრები"

"უცნობი ცივილიზაცია მასობრივად გზავნის დედამიწაზე წარმომადგენლებს მაშინ, როცა იქ სიტუაცია ირევა"


ამო-ს (ამოუცნობი მფრინავი ობიექტები) და ამოელების (ამ ხომალდიდან დედამიწაზე მოსული უცნაური არსებები) ხსენებისას უმრავლესობას სკეპტიკურად ეღიმება. არადა, ისინი ადამიანთა შემეცნებაში უხსოვარი დროიდან ჩნდებიან. მათი უცნაური სახეები გამოქვაბულთა მხატვრობიდან დღევანდლის ჩათვლით, უდიდეს მედიაგამოცემებშიც ფიქსირდება. ისეთმა ავტორიტეტულმა მაუწყებელმა, როგორიც "ბი-ბი-სია", 2013 წლის დასაწყისშიც აჩვენა ცაზე განსაცვიფრებელი სიჩქარით მფრინავი ობიექტი და სიუჟეტს ასე დაარქვა: "შოკის-მომგვრელი კადრები". ამოელებზე უფოლოგი
ერეკლე შონია გვესაუბრება.

- უფოლოგები მივიჩნევთ, რომ დედამიწაზე უცხო პლანეტიდან მოსული სტუმრები, რომლებიც ჩვენთან გამაოგნებელი ტექნიკით მოდიან (70-იანი წლებიდან დგინდება, რომ მათი ხომალდები საათში 2-3 ათასი კმ სიჩქარით მოძრაობენ), უდიდესი ცივილიზაციის წარმომადგენლები არიან.
2 წლის წინ  ხობის რაიონის რამდენიმე სოფელში ხალხი მნათობებს ხედავდა ცაზე, მერე
კი ყანებშიც დაინახეს უცნაური არსებები... ასეთი შემთხვევები გურიაშიც იყო.  დაუპატიჟებელი სტუმრები კენჭებს ისროდნენ. ჩვენ გამოვიკვლიეთ ეს მოვლენა და დავასკვენით, რომ ქვა ვარდნის დროს არღვევდა ფიზიკის ყველა, მათ შორის, ინერციის კანონს. გარდა ამისა, ქვა იყო ცხელი. იყო შემთხვევები, როცა ქვამ სტრუქტურა შეიცვალა და ფქვილივით დაიშალა. ზოგჯერ ჩამოვარდნილი ქვიდან ერთი თვე სითხე ჟონავდა.

ჩვენში უცხოპლანეტელთა  ბუმი 90-იან წლებში იყო. ამით იმის თქმა მინდა, რომ უცნობი ცივილიზაცია მასობრივად გზავნის დედამიწაზე წარმომადგენლებს მაშინ, როცა იქ სიტუაცია ირევა. ამით მათ არა მხოლოდ დაკვირვება, ჩვენი დახმარებაც უნდათ...

სამწუხარო შემთხვევა მოხდა 1984 წელს, როცა თვითმფრინავი რიგიდან თბილისისკენ მოფრინავდა. მისი პილოტები ცაში ამოუცნობმა ობიექტმა დაასხივა, ორივენი მოკლე ხანში გარდაიცვალნენ. საბრალოებს საწოლში გადაბრუნების დროსაც ემტვრეოდათ ძვლები. იყო შემთხვევები, როდესაც ამოელებმა ადამიანები გადაარჩინეს - ერთ კაცს, რომელსაც კუჭის წყლული ჰქონდა, არამიწიერი ტექნოლოგიით ოპერაცია გაუკეთეს. ეს დავადასტურეთ სამედიცინო შემოწმებით. ის კაცი დღესაც ცოცხალი და ჯანმრთელია...

- როგორ გამოიყურებიან ამოელები?
- მხილველების აღწერით, არსებობს 21 კატეგორიის ტიპაჟი. ზოგადად კი მათი სიმაღლე 40 სანტიმეტრიდან იწყება, გვხვდებიან 4-5-მეტრიანი გოლიათებიც. მათ ადამიანებისგან განსხვავებული თვალებისა და თითების რაოდენობა და კანის ფერი აქვთ. 

1988 წლის 24 მაისს, გვიან ღამით, ცივ-გომბორის მთაზე, კისისხევისა და თოხლიაურის ხევის მიდამოებში დაახლოებით 2 კმ სიგრძეზე და 100-150 მ სიგანეზე სწორხაზოვნად მთლიანად განადგურდა შერეული ტყის მასივი!.. მაშინ ფიზიკოსებმა დაასკვნეს, რომ ეს მართლაც უცნაური მოვლენა იყო. იქაურები კი ჰყვებოდნენ, რომ მანამდე მთაზე შეამჩნიეს უცნაური დანადგარი, რომლის გარშემო 2-3 წუთის ინტერვალით იფრქვეოდა ნათება, ღამის ათ საათზე კი ცაზე გამოჩნდა მზესავით განათებული სხეული. ასეთივე შემთხვევები მოხდა ბორჯომის ხეობასა და საგურამოშიც, თუმცა გომბორზე ტყის ყველაზე დიდი მასივი განადგურდა... უცხოპლანეტელების განვითარებული ცივილიზაცია ჩვენთან დედამიწელების გასანადგურებლად არასოდეს მოსულა, განსხვავებით ადამიანებისაგან, რომლებიც გამანადგურებელ იარაღად ვაქცევთ ყველაფერს, რაც ღმერთმა მოგვცა, - დაწყებული ხიდან, რომელიც პირველყოფილმა ადამიანმა მშვილდ-ისრად აქცია და დამთავრებული წყლით, საიდანაც წყალბადის ბომბი შევქმენით. ვაფრთხილებთ ხალხს, რომ ამოელებს კეთილგანწყობით შეხვდნენ, თორემ შეიძლება იფიქრონ, დედამიწელებთან საკონტაქტო ენა აგრესიაა და შესაბამისი ენით უპასუხონ.

თუ თქვენც გამხდარხართ იდუმალებით მოცული მოვლენების მოწმე, ან მოგისმენიათ უცნაური ამბები, მოგვწერეთ ჩვენს საიტზე


ნანა რამიშვილი
tamaz
02 ნოემბერი 2013 15:06
"70-იანი წლებიდან დგინდება, რომ მათი ხომალდები საათში 2-3 ათასი კმ სიჩქარით მოძრაობენ"
და მერე რა? ასეთი სიჩქარე ნებისმიერ გამანადგურებელ თვითმფრინავს აქვს. ცოტა მართლა სპეციალისტებსაც კითხეთ, როდესაც სტატიას წერთ.
koba
29 ოქტომბერი 2013 00:35
სულ არსებობს ცხრა ცა. მეცხრე ცაზეა სასუფეველი, იქ არის ღმერთის საბრძანებელი.ბოლო ინფორმაციით რომელიც ღმერთმა შეგვატყობინა,ნათქვამია; ეშმაკი ისე გაძლიერდა რომ მერვე ცამდე ამოაღწიაო.ქვების სროლა დადასტურებულად ვიცი რომ ხაშურშიც ხდებოდა,წლების წინ.ცივ-გომბორის ახსნაც შემიძლია რა ხდება, მაგრამ დაიწყება მერე გაუგებარი კომენტარები.ერთხელ მარტყოფის მონასტრის ბერმა მითხრა; სანამ რამეს იტყვი, ჯერ გაიგე მსმენელი ვინ არისო.
koba
29 ოქტომბერი 2013 00:26
წაიკითხეთ მამა გაბრიელის წიგნი და პასუხს მიიღებთ.მთელი ვარსკვლავები და გალაქტიკები ეს არის პირველი ცა.ეს მიცემული აქვს ეშმაკს, და შეუძლია ნებისმიერი ფორმა და სახე მიიღოს, სიმაღლეც რა თქმა უნდა. ის რასაც უცხოპლანეტელებს უწოდეთ ეშმაკებია სხვა არაფერი.წიგნში წერია რომ ბოლო დროს ადამიანები ცაში დაიწყებენ ყურებასო, იქიდან ეგონებათ ხსნა მოვაო,მაგრამ მოტყუვდებიანო.

რედაქტორის რჩევით