"სიმბას" გადასარჩენად
28-10-2013
"სიმბას" გადასარჩენად
ეს დრამატული ამბავი, რომელსაც 29 წლის პროფესიონალი ფოტოგრაფი ჯასტინ გლენვილი შეესწრო, სამხრეთ აფრიკის ნაკრძალში მოხდა. მოზარდი ხვადი ლომი ზრდასრულ მამრთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება და გარდაუვალი სიკვდილისგან მოულოდნელად მისი პრაიდის ძუ ლომებმა იხსნეს.
"დაუნდობელი შერკინება 2 საათს გაგრძელდა - განრისხებული ლომების ბრდღვინვა მთელ სავანაში ისმოდა. მოზარდი ლომი უშიშრად შეება მომხდურ მამრს, რომელსაც მისი განდევნა და პრაიდის ხელში ჩაგდება სურდა - ასეთ დროს ხვადები დაუნდობლად იბრძვიან, მათ ბრძოლაში კი პრაიდის ძუ ლომები
არასდროს ერევიან. დამარცხებული მიდის, პრაიდი კი გამარჯვებულს რჩება. და თუ მომხდური იმარჯვებს, ის განდევნილის მეტოქის ბოკვრებსაც დაუნდობლად ხოცავს. ამჯერად კი სრულიად უჩვეულო სცენის მომსწრე გავხდი.

ახალგაზრდა მედგრად კი იბრძოდა, მაგრამ ბევრად ძლიერ და გამოცდილ მოწინააღმდეგესთან ძალა თანდათან ელეოდა, პირველი სისხლიც გამოჩნდა და  ჩანს, მომხდურმა მისი
მარტო განდევნა კი არა, მოკვლაც გადაწყვიტა... განწირულის ხმაზე ძუ ლომები მიხვდნენ, რაღაც ავი რომ ხდებოდა. ჯერ ფრთხილად მიუახლოვდნენ ბრძოლის ველს, მერე კი ჩარევაც გადაწყვიტეს და თავიანთი ნორჩი წინამძღოლის მტერს გააფთრებით ეკვეთნენ, რომელიც დაიბნა და გაცლა ამჯობინა", - განმარტავს გლენვილი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით