რა განსაზღვრავს გენიალობას - კვირის პალიტრა

რა განსაზღვრავს გენიალობას

"ღმერთმა მისცა ამ ხალხს ნიჭი და აჩვენა სამყაროს: ვის ვაძლევ გენიალურ შესაძლებლობებს, მხოლოდ მე ვიციო..."

ადამიანის ფსიქიკა და ტვინი ბევრი ნიშნით არის  საინტერესო. ხშირად ლეგენდებამდეც კი მისულა საქმე. საზოგადოების ნაწილს სჯერა, რომ გენიოსები სხვებისგან განსხვავებული ტვინით იბადებიან. სხვები თვლიან, რომ ნებისმიერი გენიალურობა ფსიქიკურ გადახრასთან არის კავშირში. რა განსაზღვრავს გენიალობას - ტვინი თუ ფსიქიკა? იქნებ არც ერთი და არც მეორე...

გიორგი ნანეიშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: - ადამიანი მოიაზრება, როგორც სამი ნაწილისგან შემდგარი არსება, ესაა: სხეული, სამშვინველი, ანუ ფსიქიკა და სული. სხეული არის ორგანიზმი, რომლის ფუნქციაა იმ გარემოში ადაპტირება, რომელშიც არსებობს. ფსიქიკა არის ტვინის ფუნქციონირების შედეგი, ადამიანს საშუალებას აძლევს, ადეკვატურად უპასუხოს გარემოს მოთხოვნებზე, შეეგუოს ცვალებად სოციალურ თუ ფიზიკურ ვითარებას. სული კი ღმერთისგან ბოძებული ნაპერწკალია. დეპრესია, ფსიქიკური პათოლოგია - ეს სამშვინველის არასწორი ფუნქციონირებაა. მაშინ, როცა სიხარბე, მრუშობა სულიერი სნეულებაა, ის შეიძლება ფორმალურად ფიზიკურად და ფსიქიკურად სრულიად ჯანსაღ ადამიანშიც გამოვლინდეს.

ინგლისელ ფიზიოლოგ შერენგტონს საუკეთესო მაგალითი მოჰყავდა სხეულის, ფსიქიკისა და სულის ურთიერთკავშირის შესახებ: ფორტეპიანოზე უკრავს პიანისტი. ფორტეპიანო - ეს არის სხეული, პიანისტი - ფსიქიკა და მუსიკა - სული. ეს ფორმალური დაყოფაა... მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი..

- განსაზღვრავს თუ არა სხეულის ორგანო - ტვინი, მისი ზომა, ფიზიოლოგიური თავისებურებები ადამიანის ნიჭიერებას თუ გენიალურობას?

- მარტივად გეტყვით: არსებობს მიკროცეფალია - მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ნორმაზე მცირე ზომის ტვინი აქვს. ითვლებოდა, რომ ასეთი ადამიანი, ჭკუასუსტი იყო. ეგონათ, რაც უფრო პატარა იყო ტვინი, მით უფრო ნაკლები რესურსი ჰქონდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ტვინის ზომებსა და გონებრივ განვითარებას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს. მამაკაცის ტვინი საშუალოდ 1500 გრამს იწონის, აინშტაინის ტვინი 1200 გრამს იწონიდა, ემილ ზოლასი კი მხოლოდ 800-გრამს. დღევანდელი მედიცინა არ ადასტურებს რაიმე თვისებრივ სხვაობას გენიოსთა და ჩვეულებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანების ტვინს შორის. იქნებ მომავალში შევძლოთ და დავადგინოთ თვისებრივი განსხვავება... სწორედ ამიტომ ინახავენ გენიოსების ტვინს მედიკოსები.

- ხშირად გენიოსებს უცნაური, ნორმისგან გადახრილი თავისებურებები ახასიათებდათ...

- არსებობს ლომბროზოს ცნობილი ნაშრომი "გენიალობა და შეშლილობა". ეს  XIX-ის 80-იან წლებში დაიწერა. ლომბროზო ფსიქიატრი იყო. მას უნდოდა ეპოვა კავშირი გენიალობასა და ფსიქიკურ აშლილობას შორის. თუმცა მისი შრომა ბევრ ასპექტში არასარწმუნოდ მიიჩნიეს.

ვან გოგი იწვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, თუმცა მისი დიაგნოზი დღესაც უცნობია. იმასაც ფიქრობენ, რომ მისი დაავადება ყურის ავადმყოფობით იყო გამოწვეული. ერთი ფაქტია: მისი შემოქმედება არავითარ კავშირში არ არის მის სნეულებასთან.

ბეთჰოვენი - ბობოქარი სულის ადამიანი, რომელსაც ღრმა დეპრესიაც ჰქონდა გადატანილი, დიდი იმედგაცრუებები, საშინელი სტრესები ძალიან ტრაგიკული ადამიანი იყო... მისი შემოქმედება  ნევროტიზმის შედეგია?

მაშინ რისი შედეგია მოცარტის შემოქმედება, რომელიც იყო არაორდინარული, მაგრამ ზედაპირული, ინფანტილური პიროვნება?

ბახი უცნაური სულაც არ ყოფილა. ჩვეულებრივი, მოწესრიგებული ადამიანი გახლდათ. ლაიფციგის ეკლესიის კანტორი,  კარგი მეოჯახე კაცი იყო. ისიც გენიოსია.

ეპატაჟური იყო სალვადორ დალი - გენიალური მხატვარი. ნაკლები მხატვარი არც პიკასო, იყო, რომელიც სულაც არ იყო ეპატაჟური.

გენიოსი თუ იყო ფილოსოფიაში ვინმე,  ეს იყო კანტი. მის ბიოგრაფიაში არაფერი იყო საინტერესო, იყო უნივერსიტეტის პროფესორი, მუშაობდა, ჩვეულებრივად ცხოვრობდა... ღმერთმა მისცა ამ ხალხს ნიჭი და აჩვენა სამყაროს: ვის ვაძლევ გენიალურ შესაძლებლობებს, მხოლოდ მე ვიციო... ნიჭი და გენიალობა არ არის ფსიქოლოგიური, ან ფსიქიკური ფენომენი. ეს არის სულიერი კატეგორია, რომლის მიზეზი უცნობი რჩება.

რას იწონის ტვინი, რომელმაც სამყაროს გენიოსები აჩუქა?

როგორც ცნობილი რუსი მეცნიერი სერგეი საველიაევი თავის წიგნში აღნიშნავს, სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანებს ტვინის სხვადასხვა წონა ახასიათებთ: პათანატომიური კვლევებით დასტურდება, რომ ზრდასრული გერმანელის ტვინი საშუალოდ 1425 გრამს იწონის, კორეელის - 1376 გრამს, ჩეხის - 1368 გრამს, ინგლისელის 1346 გრამს, ამერიკელის (თეთრკანიანის) - 1323 გრამს, (შავკანიანის) - 1213 გრამს, იაპონელის - 1313 გრამს, ფრანგის - 1280 გრამს, რუსის - 1399 გრამს.

ცხადია, წონა ვერაფრით განსაზღვრავს იმას, რომელ ქვეყანაში შეიძლება გაჩნდეს გენიოსი და რომელში - არა... დღეს მეცნიერები ცდილობენ რაღაც კანონზომიერება იპოვონ, დაადგინონ, როგორ ჩნდება გენიოსი. ცნობილია ისიც, რომ შემთხვევათა 75%-ში გენიოსების ტვინები გაცილებით მძიმეა, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანთა ტვინის წონის საშუალო მაჩვენებელი. უფრო ხშირად ისინი 1600-1700 გრამზე მეტს იწონიან, როცა ჩვეულებრივ ტვინის წონა საშუალოდ 1320 გრამია. ბაირონის ტვინი 1800 გრამს იწონიდა, ტურგენევის - 2012 გრამს. ანატოლი ფრანსის ტვინი კი მხოლოდ 1017 გრამი იყო... გაგიკვირდებათ და აინშტაინის ტვინი უჩვეულო გამოდგა - ის გაცილებით ნაკლებს იწონის, ვიდრე ჩვეულებრივი ზრდასრული მამაკაცის ტვინი. ნეირონების სიხშირე გაცილებით მაღალია და რაც მთავარია, ძალიან ჰგავს ყმაწვილის ტვინს... თითქოს მისი პატრონი ჯერ კიდევ ბავშვი იყო. აინშტაინის ტვინის უჯრედებს დაბერების არანაირი ნიშანი არ ეტყობა. არადა, ის 76 წლისა გარდაიცვალა.

"იდიოტი გენიოსები"

ფსიქოლოგები და ფსიქიატრები იცნობენ ასე ვთქვათ, "განუვითარებელ გენიოსებსაც". ისინი გონებრივად ჩამორჩენილი არიან, მაგრამ რომელიმე უნარი ძლიერ განვითარებული აქვთ. მათ ზოგჯერ "იდიოტ გენიოსებსაც" უწოდებენ. დღეს მეცნიერებამ 25 ასეთი შემთხვევა იცის. ყველა ეს ადამიანი ინტელექტის განმსაზღვრელ ტესტში ძალიან დაბალ შედეგს აჩვენებს, თუმცა ეს ხელს არ უშლით, გააოგნონ მსოფლიო. ერთ-ერთი მათგანი დახედავს თუ არა ნებისმიერი შენობის სურათს, რამდენიმე წუთში მის დეტალურ არქიტექტურულ პროექტს ამზადებს, თანაც უმაღლეს დონეზე. მეორე - საათზე არასდროს იყურება, თუმცა დრო ყოველთვის წამების სიზუსტით იცის. მესამე - ნებისმიერი საგნის ზომას მილიმეტრის ცდომილების გარეშე დაგისახელებთ...

არსებობენ გენიოსი მოანგარიშეები, მრავალნიშნა ციფრების დამმახსოვრებლები... ენების მცოდნე გენიოსმა 24 ენა იცის, ორი ენა თავად გამოიგონა...

ავსტრალიის ცნობიერების შემსწავლელი ცენტრის მეცნიერები - ალან სნაიდერი და ჯონ მიტჩელი ამტკიცებენ, რომ მსგავსი უნარები ნებისმიერ ჩვენგანს აქვს და მათი გაღვიძება შესაძლებელია. მაგრამ ის უნარები, რასაც უცნაური გენიოსები ავლენენ, ჩვენში დაფარულია. ჩვენი ქვეცნობიერი ავტომატურად ცდილობს გაიაზროს ფაქტები და მოვლენები, ამას აკონტროლებს ტვინის ევოლუციურად შედარებით ახალი უბნები, უცნაური გენიოსები კი ტვინის ევოლუციურად შედარებით ძველი უბნებით მოქმედებენ. სწორედ იმიტომ, რომ მათი ეს სფერო გადაფარავს მაღალგანვითარებულ ტვინის უბნებს, ისინი ინტელექტუალურად ჩამორჩებიან...

როცა ტვინი მეცნიერულ სიზმარს გიგზავნის

სიზმრად ნანახი მენდელეევის სისტემა  დასვენებული ტვინის  კარნახია...

ზოგჯერ ადამიანი ხელს უშლის ტვინის მოქმედებას განუწყვეტელი ფიქრით... როგორც კი ტვინი ოდნავ შვებას პოულობს (მაგალითად, ძილში), თავად კარნახობს ადამიანს, რა როგორ "დაალაგოს". ამისი შედეგია სიზმრად ნანახი მენდელეევის სისტემა თუ ფრედერიკ ავგუსტ კენკულეს აღმოჩენა - ბენზოლის ბირთვის აგებულება... ასევე კარლ ფრიდრიხ ბურდახის სისხლის მიმოქცევის თეორია, თუ ფრედერიკ გრანტ ბანტინგის აღმოჩენლი ჰორმონი ინსულინი... ცხადია, ეს მეცნიერები მთელ შეგნებულ ცხოვრებას უძღვნიდნენ ამ თემების კვლევას, მაგრამ რატომღაც საბოლოო დასკვნა ტვინს ძილის დროს გამოჰქონდა...